მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებს არ აქვეყნებს... ეს კანონდარღვევაა - სერგო ჩიხლაძე

6469c1ac9702a
მარიამ იზორია
21.05.23 12:17
555
საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედების შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდა მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯები და გაიზარდა ფინანსური დაცულობა. თუ 2012 წელს, მოსახლეობის ჯიბიდან დანახარჯების მაჩვენებელი 73% იყო, 2022 წელს, ის 40%-მდეა შემცირებული - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, გასულ კვირას, მინისტრის საათის ფარგლებში განაცხადა.

რამდენად შეგვიძლია დავეყრდნოთ მინისტრის მიერ გაჟღერებულ ციფრებს და სად შეიძლება ეს გადამოწმდეს? – წამყვანის ამ შეკითხვას BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკაში“ ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი სერგო ჩიხლაძე პასუხობს.

მისი განცხადებით, რიცხვები, რომლებზეც მინისტრი საუბრობს ჯანდაცვის ეროვნულ ანგარიშებში უნდა გადამოწმდეს, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო 2017 წლიდან აღარ აქვეყნებს. ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტის თქმით, ეს კანონდარღვევაა, რადგან ამ ანგარიშების გამოქვეყნებას ჯანდაცვის სამინისტროს კანონი ავალდებულებს.

„ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები 2017 წლის შემდეგ არ ქვეყნდება. ორი მნიშვნელოვანი ანგარიში უნდა ქვეყნდებოდეს - ეს არის ყოველწლიურად ჯანდაცვის ეროვნული ანგარიშები და ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობის ანგარიში, რომელიც ორ წელში ერთხელ უნდა გასაჯაროვდეს.

ეს მინისტრის კეთილ ნებაზე არ არის დამოკიდებული. ანგარიშების გამოქვეყნება კანონით განსაზღვრული ვალდებულებაა. მათი საშუალებით ვიგებთ - რა ოდენობის თანხა, რა მიმართულებით იხარჯება, რამდენად ეფექტიანია, პირობითად, კონკრეტული რეფორმა და ა.შ. შარშან აზარაშვილს წერილი გავუგზავნე. პასუხი, რომელიც კანონით 15 დღეში უნდა მიმეღო, 267 დღის შემდეგ მივიღე. ის შემდეგნაირი იყო: - ვიცით, რომ ვარღვევთ, მაგრამ როცა გვექნება ანგარიშები, გამოგიზავნით. ამის ფონზე, მინისტრის მიერ გაჟღერებული რიცხვების ნდობა არ მაქვს“, - ამბობს ჩიხლაძე.

კითხვას - რეალურად, გამოიღებდა თუ არა რეფორმები შედეგს, საუბარია მედიკამენტების რეფერენტულ ფასებზე, DRG მექანიზმზე, თურქეთიდან მედიკამენტების შემოტანაზე, სერგო ჩიხლაძე ასე პასუხობს:

„ეს ასე მცირე დროში ვერ მოხდებოდა. პირობითად, რომ ვთქვათ, მინისტრი საუბრობს, რომ წალმებზე ფასის 12%-იანი შემცირებააო, არ მჯერა ამ რიცხვის, რადგან მხოლოდ თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტებით ეს ვერ მოხდებოდა, ამ მცირე დროში ამას ვერ დაადგენ. რიცხვები,  რომლებსაც სამინისტრო უნდა ეყრდნობოდეს არ ქვეყნდება“, - განმარტავს ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი.