14.იანვარი .2020 17:33

სამინისტრო: კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვეტილია და მისი აღდგენა შეუძლებელია

views 328
უკან

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის 9 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვეტილია და მისი აღდგენა შეუძლებელია. 

"საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვარის გადაწყვეტილება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, წერილობითი შეტყობინებით, იმავე დღეს ჩაბარდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმს და ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა.

საინვესტიციო ხელშეკრულება ნამდვილად ითვალისწინებს 60-დღიან წინა საარბიტრაჟო ვადას, მაგრამ ეს ვადა უნდა გამოიყენოს იმ მხარემ, რომელიც გეგმავს საარბიტრაჟო დავის წამოწყებას და მხოლოდ წინა საარბიტრაჟო პროცედურებზე მოლაპარაკებას საარბიტრაჟო დავის თავიდან აცილების მიზნით.

მხარეთა შორის 60 - დღიან პერიოდში გასამართი მოლაპარაკებები არ გულისხმობს მოლაპარაკებებს საინვესტიციო ხელშეკრულების რაიმე ფორმით აღდგენის და კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის პროექტზე მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობას. ხელშეკრულება შეწყვეტილია ყველა დადგენილი სამართლებრივი ნორმის დაცვით და მისი აღდგენა შეუძლებელია.

ამდენად, საქართველოს მთავრობასა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყვეტილია ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლისა და ნორმების დაცვით. შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება მთავრობასა და კონსორციუმს შორის ამავე ხელშეკრულების ფარგლებში ურთიერთობის გაგრძელების შესაძლებლობაზე, არის მცდარი და ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ სპეკულაციებს.

რაც შეეხება ანაკლიის პორტის პროექტის პერსპექტივას, საქართველოს მთავრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მნიშვნელობას და იწყებს პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებელ პროცედურებს," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღეს "ანაკლიის განვითარების კონოსრციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საარბიტრაჟო დავა ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. ხაზარაძის თქმით, სახელმწიფოს და კონსორციუმს შორის დადებული საინვესტიციო შეთანხმება დავების გადაწყვეტისთვის ორთვიან პერიოდს ითვალისწინებს და კონსორციუმის იურისტები სახელმწიფოსთან მოლაპარაკებისთვის მათ ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებენ. მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ ამის მიუხედავად, კონსორციუმს საარბიტრაჟო დავისთვის მზად არიან. 

საქართველოს მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" საინვესტიციო შეთანხმება ცალმხრივად 2020 წლის 9 იანვარს შეწყვიტა. შეწყვეტის მიზეზად, ვიცე-პრემიერმა კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებათა შეუსრულებლობა დაასახელა. 

თავის მხრივ, განცხადება გააკეთა კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმაც, რომელმაც თქვა, რომ მაღალი ალბათობით კონსორციუმის აქციონერთა მხრიდან საარბიტრაჟო დავა დაიწყება.  

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე $74 მილიონი დოლარი (218 მილიონი ლარი) აქვს დახარჯული. ეს თანხები ცალკეული მიმართულებით ასე ნაწილდება: 

  • სამშენებლო სამუშაოები (ანაკლიაში ფსკერის დაღმავება, პორტისთვის ტერიტორიის მომზადება) - $35 მილიონი დოლარი; 
  • საზღვაო და საინჟინრო კვლევები - $13 მილიონი დოლარი; 
  • სახელმწიფოსთვის გადახდილი გადასახადები და მოსაკრებლები - $7 მილიონი დოლარი; 
  • დეტალური დიზაინის მომზადება - $4 მილიონი დოლარი; 
  • პროექტის დაგეგმარება და მენეჯმენტი - $4 მილიონი დოლარი; 
  • დაფინანსების მობილიზება და იურიდიული ხარჯი - $4 მილიონი დოლარი; 
  • გარემოზე ზემოქმედების კვლევები და გარემოზე ზემოქმედების შემსუბუქების ღონისძიებები - $2 მილიონი დოლარი; 
  • სხვა ხარჯები - $3 მილიონი დოლარი.

შეგახსენებთ, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის აუცილებელია $400-მილიონიანი სესხი, რომელსაც უმსხვილესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ჯგუფი - EBRD, EIB, OPIC და ADB გამოყოფენ. ბანკებმა თავის მხრივ წარადგინეს რვაპუნქტიანი მოთხოვნების სია, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც ისინი თანახმა არიან დაიწყონ ანაკლიის დაფინანსება. ამ მოთხოვნების მნიშვნელოვან ნაწილზე კონსორციუმსა და მთავრობას შორის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევის საკითხზე სახელმწიფოს პოზიცია უარყოფითია, ეს კი აღნიშნული სესხის მიღებას არსებულ ვითარებაში თითქმის შეუძლებელს ხდის. 

31 დეკემბერს კონსორციუმს სწორედ აღნიშნულ $400 მილიონისა და საკუთარი კაპიტალის $120 მილიონამდე შევსების შესახებ უნდა წარედგინა სახელმწიფოსთვის დოკუმენტაცია.