მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრო: მინერალურ წყლებზე მაჭავარიანის ბრძანების მიზეზი ასოციაციის მიერ გაკეთებული მიმართვა იყო

60ef0edbcd097
შოთა ტყეშელაშვილი
14.07.21 22:23
877
ფინანსთა სამინისტრო მინერალური წყლების ექსპორტზე დაწესებული ახალი შეზღუდვის შესაახებ BMG-ისთვის განმარტებას აკეთებს. უწყების ინფორმაციით, ყოფილი ფინანსთა მინისტრის ბრძანების მიზეზს შემოსავლების სამსახურისთვის  “საქართველოს წყლების მეწარმეთა კავშირისთვის" გაგზავნილი ოფიციალური მიმართვა გახდა.

გადაცემა “ანალიტიკამ” რამდენიმე დღის წინ ეთერი “ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაციას” დაუთმო. ასოციაცია აცხადებს, რომ ფინანსთა ყოფილი მინისტრის, ივანე მაჭავარიანის მიერ 2021 წლის 24 მარტს გამოცემული ბრძანება მცირე ბიზნეს ოპერატორებისთვის დამაზიანებელია, რადგანაც ის სპეციალური დოკუმენტაციის გარეშე 100 ლარამდე მოცულობის მინერალური წყლების პარტიის ექსპორტს კრძალავს.

ასოციაციის იურისტის ქართლოს ჯობავას განცხადებით, ამ ბრძანების შედეგად იმ მეწარმეებს, რომლებიც მინერალური წყლის მცირე პარტიების ექსპორტით იყვნენ დაკავებული, გაკოტრება ემუქრებათ, ხოლო ამ ბრძანებით მოგებული რჩებიან მსხვილი მწარმოებლები - “ბორჯომი” და “ნაბეღლავი”. მისი განმარტებით, ბრძანებამ ამ ბაზარზე არაკონკურენტული ვითარება შექმნა, რაზეც მათ როგორც კონკურენციის სააგენტოს, ასევე ბიზნესომბუდსმენის სამსახურს მიმართეს.

კიდევ ერთი გარემოება, რაზეც ასოციაცია ამახვილებს ყურადღებას არის ფაქტი, რომ გადადგომიდან რამდენიმე თვეში ყოფილი ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სწორედ “ბორჯომის” გენერალურ დირექტორად დაინიშნა.

მინერალური წყლების ექსპორტზე დაწესებული ახალი რეგულაციის შესახებ დღეს განცხადება გააკეთა ფინანსთა სამინისტრომ. უწყება აღნიშნავს, რომ მათ შესაბამისი ბრძანება “საქართველოს წყლების მეწარმეთა კავშირის” მიერ შემოსავლების სამსახურისთვის გაგზავნილი ოფიციალური წერილების განხილვის შემდეგ მიიღეს. უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება ექსპორტირებულ მინერალურ წყლებში ფალსიფიკაციის შემცირებას ისახავს მიზნად.

ფინანსთა სამინისტრო ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მსგავსი ბრძანება უწყებამ თავდაპირველად 2014 წელს მიიღო და მაშინ მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაციის ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე 1000 ლარზე დიდი მოცულობის საექსპორტო პარტიის გატანა შეიზღუდა. 2021 წლის 24 მარტის ბრძანებით კი ამ შეზღუდვაში დოკუმენტაციის გარეშე დასაშვები საექსპორტო პარტიის მაქსიმალურ ოდენობად 100 ლარი განისაზღვრა.

“საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ გადაცემაში გამოთქმული ბრალდებები არის უსაფუძვლო, ემყარება მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს და მიზანმიმართულად აზიანებს უწყების რეპუტაციას.

სამინისტრო განმარტავს, რომ „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში, ცვლილება შევიდა 2013 წლის 30 სექტემბერს (#329 ბრძანება) და 2014 წლის 30 ივნისს (#196 ბრძანება), რითაც საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში, სავალდებულო გახდა შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის - მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენა.

2013 წელს, აღნიშნული ბრძანებების გამოცემის მიზანი იყო თავიდან ყოფილიყო აცილებული საქართველოში ჩამოსხმული მინერალური წყლების ფალსიფიკაცია, რომელიც გავიდოდა საექსპორტო ბაზრებზე, ასევე არ მომხდარიყო სპეციფიკურად კონკრეტული ბაზრის სტანდარტებისთვის შეუსაბამო პროდუქციის ექსპორტი (განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის ბაზრებზე), რაც საბოლოო ჯამში, საფრთხეს შეუქმნიდა მინერალური წყლების ექსპორტს საქართველოდან.

აღნიშნული რისკების თავიდან აცილების მიზნით, 2013 წელს შემუშავებული იქნა პროცედურა, რომელიც ითვალისწინებს თითოეული ექსპორტის ოპერაციის განხორციელების დროს პროდუქციის შესაბამისობის სერტიფიკატის წარდგენას საბაჟო ორგანოსთვის, რომელიც გაიცემა მწარმოებლის მიერ.

ფინანსთა მინისტრის მიერ 2021 წლის 24 მარტის ბრძანებით განხორციელებული ცვლილების მიზეზი, გახდა საქართველოს წყლების მეწარმეთა კავშირის (GWPU) მიერ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში შესული ოფიციალური წერილები, სადაც აღნიშნული იყო, რომ სხვადასხვა საშუალებით ხდებოდა საბაჟო პროცედურების გვერდის ავლა და პროდუქციის ექსპორტი სათანადო დოკუმენტების გარეშე, რაც საფრთხეს უქმნიდა პროდუქციის ლეგალურ ექსპორტს სხვადასხვა ბაზრებზე. კერძოდ, ხდებოდა მინერალური წყლის პროდუქციის შესყიდვა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ მიერ დოკუმენტები ფორმდებოდა ბევრ სხვადასხვა კომპანიაზე ისე, რომ თითო კომპანიის სახელით განხორციელებულიყო 1 000 ლარამდე პროდუქციის ექსპორტი, ტვირთები იტვირთებოდა ერთ კონტეინერში და ხდებოდა მისი ექსპორტი სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით.

საკითხის შესწავლის შემდეგ, „ბორჯომისა“ და „ნაბეღლავის“ არამართლზომიერი და აღნიშნული პროდუქციის მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაციის/სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატის გარეშე ექსპორტის რისკების შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ბორჯომის და ნაბეღლავის (სეს ესნ-ის 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 კოდები) ექსპორტისას, შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება გავრცელებულიყო არანაკლებ 100 ლარის საბაჟო ღირებულების პროდუქციის შემთხვევაში. აღნიშნული ბრძანების გამოცემის მიზეზი იყო იმ დროისთვის უკვე არსებული რეგულაციების შესრულების უზრუნველყოფა.

აღნიშნული ცვლილება მიღებულ იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 24 მარტის №62 ბრძანებით და ამოქმედდა 2021 წლის 1 ივნისიდან.

სამინისტრო ადასტურებს, რომ ექსპორტიორ-იმპორტიორთა და ბიზნესოპერატორთა ასოციაციის წერილი შემოსულია უწყებაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი დამატებითი შესწავლა სხვადასხვა დაინტერესებულ უწყებასთან ერთად.

საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, ასოციაციას დაუბრუნდება არგუმენტირებული და დასაბუთებული პასუხი.

აღნიშნული პასუხის მიღებამდე კი მათი მხრიდან მსგავსი სრულიად უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერება და საზოგადოებისთვის ტყუილი ინფორმაციის მიწოდება კატეგორიულად მიუღებელია,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.