მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა - ვის აღარ შეეხება ნარჩენების მართვის დეპოზიტური სისტემა?

5e02254d411e9
სალომე მეცხვარიშვილი
24.12.19 18:45
1899
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტრომ გადაწყვეტილება შეცვალა. ნარჩენების მართვის დეპოზიტური სისტემა მინის ბოთლებზე აღარ გავრცელდება, აქ იგულისხმებიან როგორც - ალკოჰოლური, ასევე უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლები. ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა პირველად “საქმიანი დილის” ეთერში გააჟღერა.

თუ მანამდე გამონაკლისი მხოლოდ ალკოჰოლური და რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიები იყვნენ, ახლა სქემიდან უალკოჰოლო სასმელების მწარმოებლებიც გამოირიცხნენ, რომლებიც მანამდე სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობდნენ.

სოლომონ პავლიაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ შეცვალეს, რაც ბიზნესის ნაწილი დისკრიმინაციულ მიდგომაზე ალაპარაკდა.

რა არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება და დეპოზიტური სისტემა?

დეპოზიტური სისტემა ნაწილია ახალი ვალდებულებისა, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა შევიდეს ძალაში; საუბარია, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე.

ეს არის ახალი რეგულაცია, რომელიც ბიზნესს ავალდებულებს, მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენები თავადვე მართოს - შეაგროვოს, გადაამუშაოს ან ექსპორტზე გაუშვას. საუბარია, სპეციფიკურ ნარჩენებზე, როგორებიცაა: ელექტრომოწყობილობები, ზეთები, საბურავები, შესაფუთი მასალები და ა.შ.
 
სპეციფიკურ ნარჩენებს თავად მწარმოებლები არ შეაგროვებენ. ეს სპეციალურ ორგანიზაციებს, პიაროებს მოუწევთ. თუმცა, როგორ უნდა შეგროვდეს ნარჩენები? - ამის რამდენიმე გზა არსებობს, მაგალითად, როგორიცაა ე.წ. დეპოზიტური სისტემა.

ერთ-ერთი ასეთი მექანიზმი ნარჩენების ჩამბარებელი სპეციალური მანქანებია, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოიყენება. ესაა მოწყობილობები, სადაც ცარიელ ბოთლს აგდებ და გარკვეული რაოდენობის თანხას იღებ სანაცვლოდ. ეს არის, ასე ვთქვათ, კომპენსაცია იმ ფასნამატისთვის, რომელსაც მომხმარებლები იხდიან, რათა ნარჩენები შეგროვდეს და გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს. ფასნამატი კი დიდი ალბათობით საქართველოშიც იქნება, რადგანაც ნარჩენების მართვა ბიზნესისთვის ხარჯებთან არის დაკავშირებული.

თავდაპირველად ე.წ. დეპოზიტურ სისტემაში მთავრობამ გამონაკლისი დაუშვა და არ ჩართო რძის პროდუქტებისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პროდუქცია არ გაძვირდება, როცა სხვა დანარჩენში მომხმარებელს მეტი ფასის გადახდა მოუწევდა. ამ ჩანაწერს კი, ბიზნესის და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დისკრიმინაციულად აღიქვამდა.