21.თებერვალი .2020 12:20

სამკერვალო ფაბრიკა თავდაცვის სამინისტროს ედავება-კითხვები და პასუხები

views 908
უკან

კომპანია “ბენნი”, რომელიც სამკერვალო ბაზარზე 2008 წლის დეკემბრიდან ოპერირებს, თავდაცვის სამინისტროს 2014 წლიდან ემსახურება. ბენნ-ის დამფუძნებლებმა თავდაცვის სამინისტროსთან სატენდერო ხელშეკრულება ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას დროს გააფორმეს, თუმცა მას შემდეგ, რაც თავდაცვის უწყება ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაიბარა, კომპანიას სამინისტროსთან პრობლემები შეექმნა, რადგან მათ სამინისტრომ ხელშეკრულება მოქმედების ვადის გასვლამდე შეუწყვიტა.

“ ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 თვის შემდეგ, სამინისტროსთვის 5 000 ჯარისკაცის ფორმა უნდა მიგვეწოდებინა და ასე ყოველთვე, ჯამში 35 000 ცალი. მარტში უნდა დაგვესრულებინა შეკვეთა. მასალების შეკვეთა ჩინეთში ხდება, შევუკვეთეთ მასალა, რის შემდეგაც ჩინელებმა დაგვიგვიანეს მოწოდება. ზოგადად ჩინეთში ხშირად არის დაგვიანების შემთხვევები, ამიტომ თავად ჩავედი ჩინეთში, ვნახე, რომ დავრწმუნებულიყავი ნაჭერი ნამდვილად ჰქონდათ თუ არა. როდესაც დავრწმუნდი, რომ ნაჭერი ჰქონდათ და შესაბამისი იყო სატენდერო დოკუმენტაციასთან, გადავუხადე თანხა და გამოვგზავნეთ საქართველოში. ნაწილი კი ახლაც გზაშია. 2 კონტეინერი შევუკვეთე, საიდანაც 10 000 ფორმა უკვე შეკერილია“- აცხადებს BMG-სთან სამკერვალო კომპანია “ბენნ"-ის დამფუძნებელი ბესო შანიძე.

თავდაცვის სამინისტრო კომპანია “ბენნს” ხელშეკრულების არაჯეროვან შესრულებაში ადანაშაულებს. ეს გახდა სწორედ 350 000 დოლარის ღირებულების ტენდერის ცალმხრივად შეწყვეტის მიზეზი.

სამინისტროსა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ჯარიმას ითვალისწინებდა, თუმცა სამინისტროს მხრიდან ხელშეკრულების ცალმხივი გაწყვეტა კომპანიის დაჯარიმების გარეშე მოხდა.

“დროზე ადრე შეწყვიტეს ხელშეკრულება, ასეთი რამ არასოდეს მომხდარა. შეუსრულებლობა ხელშეკრულებით ითვალისწინებდა ჯარიმას, მიუწოდებელი საქონლის ღირებულების 0,02%-ის ოდენობით. ჩვენ რომ გვცოდნოდა ასე დროზე ადრე და ასე უსამართლოდ შეგვიწყვიტავდნენ ხელშეკრულებას, საერთოდ არ მივიღებდით ტენდერში მონაწილეობას”- აცხადებს BMG-სთან სამკერვალო კომპანია “ბენნ’-ის დამფუძნებელი ბესო შანიძე.

BMG თავდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ კომპანია “ბენნ”-თან ხელშეკრულების გაწყვეტა ვადების დარღვევამ გამოიწვია. ჩვენს კითხვაზე, როგორ გეგმავს სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ფორმების შეკერვას, მინისტრის მოადგილემ ჯუანშერ ბურჭულაძემ თქვა, რომ სამინისტრო საერთაშორისო კომპანიებთან გეგმავს თანამშრომლობას და ქართველი ჯარისკაცებისთვის ფორმების შეკერვა საზღვარგარეთ იგეგმება.

“ ეს დამოკიდებულება ჯარის მიმართ არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. ჩვენ ამ დამოკიდებულებას არ შევეგუებით. მარტივი მაგალითი რომ მოგიყვანოთ, როდესაც ჩვენ ზამთრის ბათინკი შევიძინეთ და უნდა მივიღოთ 1 დეკემბერს, არ უნდა მივიღოთ პირველ მარტს. გარდა ამისა ჩვენ არ ვართ კმაყოფილები ზოგადად რა ხარისხობრივი მაჩვენებლებიც იყო მოთხოვნილი და გვინდა გავზარდოთ ეს ხარისხი. ვადების დარღვევის შემთხვევაში კი დამკვეთს შეუძლია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება”- განაცხადა BMG-სთან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

BMG-ის კითხვაზე, დაჯარიმების გარეშე რატომ შეწყდა ცალმხრივად ხელშეკრულება და რატომ არ დაჯარიმდა სამკერვალო კომპანია “ბენნ”-ი თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ხელშეკრულება გარკვეული ოდენობით ჯარიმას ითვალისწინებს, თუმცა არ არის ეს აუცილებელი პირობა, რომ მოხდეს კომპანიის  დაჯარიმება.

“ რა თქმა უნდა ხელშეკრულება ჯარიმას ითვალისწინებს და დაჯარიმების შემდეგ უკვე შეგვიძლია შევწყვიტოთ ხელშეკრულება. თუმცა, არ არის ეს აუცილებელი პირობა, რომ დაჯარიმდეს. რაც შეეხება ჯარიმას, ჩვენ განვიხილავთ ამასაც და შეგვიძლია დავაჯარიმოთ. ეს არ ნიშნავს, რომ მათთან სამართლებრივი ურთერთობა შევწყვიტეთ”- განაცხადა BMG-სთან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ.

BMG-ის გაუჩნდა კითხვა, პასუხიდან გამომდინარე, კომპანია “ბენნ”-ს შეუძლია თუ არა კერვა განაგრძოს და აღნიშნული შეკვეთა დაასრულოს, რასაც თავდაცვის მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:

“რა თქმა უნდა არა, ჩვენ როდესაც ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ, ჩვენ აღარ ვიღებთ ვალდებულებას საკუთარ თავზე, რომ ამ მოწოდებულ საქონელს მივიღებთ, აღნიშნული რისკების გამო. რაც შეეხება ბიზნესის ზიანს, ჩვენ არ უნდა ავიღოთ აქცენტი იმაზე, რომ ოღონდ ბიზნესი არ დაზარალდეს, შეგვიძლია ეს მოხდეს ჯარის ხარჯზე. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით უკომპრომისოები, ვერ მივაღწევდით იმ შედეგს, რასაც 4 თვეში მივაღწიეთ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ყველაფერი შევიძინოთ უმაღლესი ხარისხის, ვმუშაობთ ამ საკითხზე მათ შორის საერთაშორისო და აღიარებულ კომპანიებთან, როგორც ბათინკების, ამასთან უნიფორმის შემთხვევაში, ვმუშაობთ საზღვრებს გარეთ, პირდაპირ მწარმოებლებთან"- აცხადებს BMG-სთან თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე.

თავდაცვის სამინისტროს კომპანია “ბენნ”-ის მიერ მიწოდებული 5 000 ცალი უნიფორმა სამხარაულის ექსპერტიზაზე აქვს გადაგზავნილი, თუმცა პასუხი ჯერ არ აქვთ. კომპანია ბენნის დამფუძნებელი ბესო შანიძე კი ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მათი შესრულებული  შეკვეთა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხს აკმაყოფილებს. სანამ პროდუქცია საქართველოში შემოვიდოდა ყველანაირი ხარისხის კონტროლი გავლილი აქვს და SGS-ის დასკვნაც დამფუძნებლებს ხელში უჭირავთ.

“ გვაქვს ევროპული “ბიუროვერიტაზის” დასკვნა და გვაქვს როგორც თურქული, ასევე ჩინური SGS-ის დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ნაჭერი შეესაბამება სატენდერო პირობებს”- აცხადებს BMG-სთან სამკერვალო კომპანია “ბენნ’-ის დამფუძნებელი ბესო შანიძე.

“ბენნ”-იში ამბობენ, რომ აღნიშნული ხელშეკრულების შეჩერების შემთხვევაში, კომპანია 2 მლნ 800 00-იან ზარალზე გავა. კომპანიას ამ თანხიდან 35 000 ჯარისკაცის ფორმის შესაკერად ყველა საჭირო ნივთი უკვე შეძენილი აქვს, ასევე ამ დროის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული შეკვეთისთვის მლნ-ზე მეტი ხელფასებზე და სხვა საჭირო დოკუმენტაციებზეა გაცემული.

ამ დროისთვის სამკერვალო ფაბრიკაში სამუშაოები შეჩერებულია. ბენნ-ის დამფუძნებლები ხელშეკრულების გაუგრძელებლობის შემთხვევაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში დავის გაგრძელებას გეგმავენ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა