მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა 3 წლამდე შემცირდა - რამდენი სამომხმარებლო სესხია გაცემული?

62ea7a7126b52
შოთა ტყეშელაშვილი
03.08.22 17:47
2197
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ის ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

ცვლილება შეეხება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხებს.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ქართულ ბანკებს ჯამში 4.2 მილიარდი ლარის მოცულობის არაუზრუნვლეყოფილი სამომხმარებლო სესხები აქვთ გაცემული. გასულ წელს სამომხმარებლო კრედიტების პორტფელი 3.16 მილიარდი ლარი იყო, შესაბამისად ბოლო ერთ წელში ამ სესხების მოცულობა 34%-ით არის გაზრდილი. სავარაუდოდ, სწორედ ასეთი მაღალი ზრდის ტემპის გამო, სებ-მა ამ მიმართულებით რეგულაციის გამკაცრება გადაწყვიტა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, სამომხმარებლო სესხების რაოდენობაა 1.2 მილიონი, შესაბამისად ერთი სამომხმარებლო სესხის საშუალო ზომა 3,512 ლარია. წინა წელს მსგავსი კრედიტების საშუალო ზომა 2,810 ლარს შეადგენდა.

რაც შეეხება სამომხმარებლო სესხების ვადიანობას, ამჟამად სამომხმარებლო სესხების ნაშთში 2-დან 4 წლამდე სესხები ჭარბობს, რომელთა მოცულობაც 3.45 მილიარდი ლარია. 1-დან 2 წლამდე კრედიტების ზომა 500 მილიონი ლარია, 1 წლამდე კრედიტების პორტფელი კი 120 მილიონი ლარია.

“სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.

მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.