მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ავიაციის სააგენტო: აბასთუმნის თავზე საჰაერო შეზღუდვა 15 დეკემბრამდე იმოქმედებს

5da880658ef4d
BM.GE
17.10.19 19:50
1283
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აბასთუმნის საჰაერო სივრცის დახურვის შესახებ განმარტება გააკეთა. უწყებაში აცხადებენ, რომ მათ აბასთუმნის თავზე საჰაერო სივრცე ობსერვატორიისგან მიღებული წერილის საფუძველზე დახურეს. ამასთანავე, სააგენტოს ინფორმაციით, აბასთუმნის თავზე საერთაშორისო საჰაერო კორიდორი არ გადის, ხოლო დაწესებული შეზღუდვა კი დროებითია და 15 დეკემბერს გაუქმდება.

"აბასთუმნის ობსერვატორიის ხედვის არეში ფრენების შეზღუდვასთან დაკავშირებით ბოლო ხანებში გავრცელებულ ინფორმაციასთან და გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში გვსურს განვმარტოთ, რომ ობსერვატორიის ადგილმდებარეობის თავზე არ გადის არცერთი საერთაშორისო საჰაერო კორიდორი. აბასთუმნის მიმდებარედ, ფუნქციონირებს ორი საჰაერო ტრასა, რომელთაგან ერთი გადის აბასთუმნის ჩრდილოეთით - 17 კილომეტრის, ხოლო მეორე, სამხრეთით, 10 კილომეტრის მოშორებით.

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და საქაერონავიგაციაში შემოვიდა ევგენი ხარაძის სახელობის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის წერილი, რომლითაც გვატყობინებდნენ, რომ ობსერვატორიაში მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო სამუშაოები და უახლოეს მომავალში იგეგმებოდა ახალი თანამედროვე ტელესკოპის შეძენა. სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის აღორძინების, ატმოსფეროს დაბინძურების მინიმუმამდე შემცირების და მაღალი ხარისხის დაკვირვებების წარმოების მიზნით, გვეთხოვა ობსერვატორიის ხედვის არეში მოხვედრილი ტრასების საკითხის შესწავლა და შესაძლებლობის შემთხვევაში მათი ტრაექტორიის შეცვლა.

მომართვის საფუძველზე, სააგენტოს და საქაერონავიგაციის სპეციალისტებმა დაიწყეს საკითხის შესწავლა და პროცესი წარიმართა ავიაციის სფეროში დადგენილი ყველა პროცედურის და სტანდარტის შესაბამისად. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველგვარი დანაკარგის და საჰაერო ნაკადების გადანაცვლების გარეშე, დასაშვები იქნებოდა ფრენების დროებითი შეზღუდვა, უშუალოდ აბასთუმნის ობსერვატორიის 8 კილომეტრიან რადიუსში, რაც პრაქტიკულად არანაირ ზეგავლენას არ მოახდენდა საჰაერო ნაკადების მიმოსვლაზე.

შესაბამისად, პრაქტიკული დაკვირვების წარმოების და კონკრეტული ცვლილების ეფექტურობის დადასტურების მიზნით, დროებითი შეზღუდვა 8 კილომეტრიან რადიუსში დაწესდა 16 სექტემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება აუცილებელი საჭიროების ფრენებზე (ხომალდის გაუმართაობა, ბუნებრივი კატაკლიზმები, საზოგადოებრივი ინტერესების და ა.შ.) აქვე, ხაზგასმით გვსურს აღვნიშნოთ, რომ სხვადასხვა საჭიროებებიდან გამომდინარე საჰაერო სივრცეში გარკვეული არეალების შეზღუდვა წარმოადგენს მიღებულ საერთაშორისო პრაქტიკას და საქართველოს შემთხვევაშიც, ამგვარი პრაქტიკა არსებობს მაგალითად, კახეთის რეგიონში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების გამოყენების დროს, ნავთობ-ტერმინალის, სამხედრო საწვრთნელი ბაზების თავზე და და ა.შ.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება კონკრეტული ცვლილების ეფექტურობა, შესაძლოა, დღის წესრიგში დადგეს ამ კონკრეტული 8 კილომეტრიანი მონაკვეთის არასაფრენ ზონად გამოცხადების საკითხი. საჰაერო კორიდორის გადანაცვლების საკითხი ამ ეტაპზე არ დგას დღის წესრიგში, თუმცა, ამ კუთხითაც გვაქვს დასკვნა ჩვენი ექსპერტებისგან, რომელიც ცალსახად პოზიტიურია და ადასტურებს, რომ აღნიშნული ცვლილებით მოკლდება საჰაერო მარშრუტის მანძილი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ფრენის დროს, საოპერაციო ხარჯებს და ეკოლოგიაზე ნეგატიურ ზემოქმედებას", - ნათქვამია უწყების განმარტებაში. 

BMG-სთან საუბარში ობსერვატორიის მთავარმა მკვლევარმა შოთა ინასარიძემ განაცხადა, რომ ობსერვატორიის თავზე 3 ავიატრასა გადის, რაც მათ დაკვირვების პროცესს ხელს უშლის. საუბარია, რომ ავიატრასების გადაწევა მოხდეს ისე, რომ თვითმფრინავებმა ობსერვატორიის თავზე აღარ იფრინონ. მისი თქმით, ტრასების გადატანის აუცილებლობაზე ობსერვატორია წლებია საუბრობს, თუმცა აქამდე მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია. ახლა კი შემოთავაზება თავად ეკონომიკის სამინისტროსგან მიიღეს. 

"დიდი ხანია ვლაპარაკობთ ამაზე. კაციშვილი ჩვენ ყურადღებას არ გვაქცევდა აქამდე, ახლა წამოიწყეს იმიტომ, რომ ინიციატივა წამოვიდა სამინისტროდანაც. ამასთან დაკავშირებით დირექტორს ესაუბრნენ და დირექტორმა გვაცნობა, რა კოორდინატები გვჭირდება ჩვენ, რომ ცა იყოს თავისუფალი. 

ჩვენ კოორდინატები გვაქვს მიცემული, რომ ეს უნდა გასუფთავდეს. შეიძლება, ტრასა იყოს ისე ჰორიზონტიდან, რომ ჩვენ ხელს არ შეგვიშლის", - აცახდებს ობსერვატორიის მთავარი მკვლევარი.