მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო ინიციატივის წარმომადგენლები ურსულა ფონ დერ ლაიენს საქართველოს მხარდაჭერას სთხოვენ

6295f980e06a1
მარიამ ვარადაშვილი
31.05.22 15:29
531

სამოქალაქო ინიციატივის „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ წარმომადგენლები ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ღია წერილით მიმართავენ და სთხოვენ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მხარი დაუჭიროს. წერილი „გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ“ წარმომადგენლებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს გადასცეს. 

BMG სამოქალაქო ინიციატივის წერილის უცვლელად გთავაზობთ:

“ახლა, როდესაც ევროკომისია საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის კანდიდატობის სტატუსს განიხილავს, საქართველოში, ყველა თაობის ადამიანი - ჩვენი, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩათვლით - იმედოვნებს, რომ განხილვის შედეგი კიდევ ერთი ნაბიჯით დაგვაახლოვებს ევროკავშირს.

საქართველოს დემოკრატიისთვის და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის უკანასკნელი სამი დრამატული ათწლეულის მანძილზე, ჩვენი ქვეყნის ევროპული გზა, როგორც ქართველების მიერ საუკუნეების მანძილზე თანმიმდევრულად გამყარებული არჩევანი, ფართო საზოგადოებრივი თანხმობის საგანია. 

დღესაც, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას ბევრად მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკე აღებულ პარტიას, ლიდერს, ინსტიტუტსა თუ პოლიტიკურ პროგრამას, რადგან ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მტკიცედ სჯერა, რომ თავისი არსით და იდენტობით ევროპელები არიან და რომ მათი ქვეყნის ადგილი თავისუფალი სახელმწიფოების ევროპულ ოჯახშია. დღეს, საფრთხეებითა და გაურკვევლობით აღსავსე ეპოქაში, როდესაც სრულიად ახალი სამყარო იბადება - სწორედ ევროპის იდეა, მისი მშვიდობის, დემოკრატიის, კეთილდღეობის და ყოველი მოქალაქის ღირსების გზა აერთიანებს ყველა ქართველს, განსხვავების და გამყოფი ხაზების მიუხედავად. 

თითქმის 30 წლის მანძილზე საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას დაუღალავად შეჰქონდა წვლილი და ხშირად, ლიდერის როლსაც ასრულებდა ქვეყნის დემოკრატიის განმტკიცებაში. ეს ძალისხმევა ევროპული დემოკრატიული დღის წესრიგის ფაქტობრივად ყველა სფეროს მოიცავს - დაწყებული სამოქალაქო უფლებების, გენდერული თანასწორობის, სასამართლოსა და მედიის დამოუკიდებლობის დაცვიდან დამთავრებული კორუფციასთან ბრძოლით. 

ამ მრავალმხრივი საქმიანობის წარმატების შესაფასებლად და მიზნების  დასახვისას ჩვენ სწორედ ევროპულ გამოცდილებას და სტანდარტებს ვეყრდნობით. სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევაში ევროკავშირის დახმარება და

მხარდაჭერა ყოველთვის გადამწყვეტი იყო და ყოველი მომდევნო წარმატებული ნაბიჯი - ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია - ძლიერ მოტივაციას გვაძლევდა, რომ უფრო მეტი გაგვეკეთებინა.

საქართველოში კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გააგრძელოს დაუღალავი მუშაობა ქვეყნის ევროკავშირში წევრობის გზაზე წინსვლისთვის.

ამ წერილით, ქართული საზოგადოების წარმომადგენლები და სამოქალაქო ინიციატივის “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ” დამფუძნებლები მოგმართავთ თხოვნით, მხარი დაუჭიროთ საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატობის განაცხადს. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების აღიარება იქნება და დააჩქარებს ქვეყნის წინსვლას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. იმედს გამოვთქვამთ, რომ ივნისში საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მოიპოვებს და ამ სამი ქვეყნის ისტორიაში ამით ახალი ეტაპი დაიწყება”.

3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი შეიტანა. 11 აპრილს მას ოფიციალურად გადაეცა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი. მთავრობამ კითხვარის პირველი შევსებული ნაწილი ბრიუსელს 2 მაისს გაუგზავნა, ხოლო მეორე ნაწილი - 10 მაისს.