მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოქალაქო პროტესტი საკმარისი არაა, ახალგაზრდები უნდა გამოვიდნენ - ვაჟა გაფრინდაშვილი

6406038754dd7
ინგა მურუსიძე
06.03.23 19:39
1016
„სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკმარისი არ არის, რადგან ახალგაზრდობა არ აქტიურობს“, - ამის შესახებ bm.ge-ს ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა განუცხადა.

ის გამოეხმაურა გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული და რომლის განხილვაც პარლამენტში, საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.

„პირველ რიგში, ეს კანონი არ უნდა მიიღონ, რადგან როცა ამდენ ქვეყანასთან მეგობრობ და ეს მეგობრები გეუბნებიან, რომ კანონი მიუღებელია, უნდა დაიჯერო. გარდა ამისა, როცა რომელიმე ორგანიზაციაში შესვლა გსურს და ეთანხმები მის წესდებას, არ შედიხარ ამ ორგანიზაციაში შენი წესებით. ჩვენ უნდა შევიდეთ ევროკავშირში, მათი წესებით, ჩვენ უფრო გვჭირდება ისინი, ვიდრე მათ ჩვენ. მე ვფიქრობ, რომ ალბათ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ იმ დარღვევების მიუხედავად, რასაც არა ჩვენი, არამედ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა აკეთებს, იმიტომ, რომ არ შეიძლება რუსეთის კლანჭებში დაგვტოვონ. სარგებლობენ ["ქართული ოცნება"] იმით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს შეიძლება წვდომა არ აქვს, დრო არ აქვს, საშუალება არ აქვს, რომ გაეცნოს სწორ ინფორმაციას და თვალსა და ხელს შუა გვატყუებენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ოცნება დავკარგეთ და იმედსაც გვართმევენ”, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

კითხვაზე, შესაძლებელია, თუ არა, რომ კანონის მიღებით დავკარგოთ კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი, ვაჟა გაფრინდაშვილი პასუხობს, რომ თუ ასე გაგრძელდა, საშიშია, უვიზო მიმოსვლაც არ დავკარგოთ.

რაც შეეხება მოლოდინს, იმ დიდი სამოქალაქო და საერთაშორისო ზეწოლის გამო, შესაძლებელია თუ არა ვივარაუდოთ, რომ კანონის ინიციატორები და მომხრეები დაიხევენ უკან და კანონპროექტს ამ სახით არ მიიღებენ, გაფრინდაშვილი პასუხობს: „თუ ბიძინა ივანიშვილი იტყვის, გაიწვევენ და ბიძინა ივანიშვილი ამას არ იტყვის“.

რა უნდა გავაკეთოთ?

ვაჟა გაფრინდაშვილი: „სამოქალაქო პროტესტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს, საკმარისი არ არის, რადგან ახალგაზრდობა არ აქტიურობს. მათ სხვა გამოსავალი აქვთ, ევროპაში და ამერიკაში შეუძლიათ წასვლა და ცხოვრების მოწყობა. ეს ქვეყანა კი დარჩება იმ ხალხის იმედად, ვინც უკვე მიხვდა, რომ 5 კილოგრამი კარტოფილი არ ეყოფა, თუმცა ალბათ 100-200 ლარი გახდება ერთი ხმა, რომ ერთი კვირა მაინც საჭმელი ჰქონდეს".

ოპოზიცია...

ვაჟა გაფრინდაშვილი: ჩემი აზრით, ეს ოპოზიცია ჰგავს "ნატვრის ხეში", ეროსი მანჯგალაძის პერსონაჟს - მხოლოდ ლაპარაკობს და საქმეს არ აკეთებს. არ შეიძლება 20 წელი ერთიდაიგივე ხდებოდეს, მით უმეტეს, როცა მათ აქვთ ძალიან ბევრი სათქმელი, თუნდაც ბიძინა ივანიშვილზე. რატომ არ გამოდიან და არ ამბობენ, რამდენს უხდიდა ბიძინა ივანიშვილი? ხომ ყველამ ვიცით, რომ ყველას უხდიდა. ეს არის ყველაზე დიდი კომპრომატი, რომლითაც გამოააშკარავებენ ბიძინა ივანიშვილს, თუმცა ხაზს გადაუსვამენ თავიანთ პოლიტიკურ ცხოვრებას. თავიანთი თავი ურჩევნიათ ქვეყანას, ამიტომაც არ უჯერებს ხალხი და არ მიყვება ოპოზიციის დიდ ნაწილს. ამიტომ უნდა გამოვიდნენ ახალგაზრდები.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა აგენტების შესახებ ორივე კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის ხელმძღვანელის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ორივე კანონპროექტი გაიგზავნება ვენეციის კომისიაში და იქიდან მოსული რეკომენდაციების მიხედვით გაგრძელდება მათზე მუშაობა.

ცნობისთვის, "ხალხის ძალამ" პარლამენტში ორი კვირის შუალედში დაარეგისტრირა ორი კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის თაობაზე. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში იმ მედიასაშუალებებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური ორგანიზაციებისგან, მათ შორის საერთაშორისო დონორებისგან იღებენ, მოუწევთ დარეგისტრირდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები.

ევროკავშირი, აშშ, გაერო, საქართველოს არასამთავრობო სექტორი და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები მოუწოდებდნენ დეპუტატებს არ მიეღოთ აღნიშნული კანონპროექტი.