მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამოსი აფხაზეთის თემატიკაზე - "ლაკოაჟი" საწარმოს გახსნასა და ექსპორტის გეგმებზე

5e2c431e44c69
ნუცა ბაზლიძე
25.01.20 18:55
3449
საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის ბრენდი „ლაკოაჟი“, რომელიც აფხაზეთის თემატიკის პრინტით არის წარმოდგენილი, წარმოების გაფართოებას და საწარმოს გახსნას გეგმავს.

„ამ ეტაპზე წარმოდგენილი გვაქვს მაისურები, ჰუდები, ჟაკეტები. ახლა ნელ-ნელა ვფართოვდებით და ვცდილობთ დავიწყოთ შარვლების, ქუდების და სხვა სახის სამოსის წარმოება; გვსურს, „Fast fashion“ ბრენდად ჩამოვყალიბდეთ. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან, ვფიქრობთ, 1-2 თვეში უკვე შეგვეძლება, რომ გავხსნათ ჩვენი საწარმო“, - აღნიშნა „ლაკოაჟის“ დამფუძნებელმა ნიკა მიქავამ BM.GE-ისთან საუბრისას.

ამასთან, როგორც ბრენდის დამფუძნებელმა განმარტა, კომპანიის სამომავლო გეგმებში ექსპორტიც მოიაზრება. „ლაკოაჟის“ დამფუძნებლის სურვილია, პროდუქცია საერთაშორისო ბაზარზე მოხვდეს.

„3 მილიონიანი ბაზარი ვერ იქნება საკმარისი ვერცერთი კომპანიისთვის. ეს გვესმის თითოეულ ჩვენგანს. იდეა ის არის, რომ კომპანიის მესიჯი მსოფლიოს გავაგებინოთ. ჩვენი პროდუქციით უცხოელები, ტურისტებიც დაინტერესებულან. მათ სამოსი ჯერ ვიზუალურად მოსწონთ, ჩვენ კი, ბუკლეტის ან იარლიყის საშუალებით მათ იდეას ვატანთ,“ - განმარტა ნიკა მიქავამ.

აღსანიშნავია, რომ ბრენდის დაარსების იდეა გაჩნდა თავად დამფუძნებლის სურვილიდან, რომ მსგავსი სამოსი ჰქონოდა. საბოლოოდ, მან ეს სურვილი ბიზნესად აქცია.

„მე თვითონ აფხაზეთიდან ვარ, თუმცა იქ არასდროს ვყოფილვარ. გამიჩნდა სურვილი, რომ ასეთი მაისური ან ჰუდი მცმოდა, თუმცა აღმოვაჩინე, რომ ბაზარზე მსგავსი არ იყო“, - აღნიშნა ნიკა მიქავამ.

სირთულეებზე საუბრისას, ნიკა მიქავამ დასძინა, რომ მათთვის მთავარ გამოწვევას, ქართულ ბაზარზე ხარისხის საკითხი წარმოადგენს, რაც მასალისა და კერვის საკითხებთანაა დაკავშრებული. სანამ „ლაკოაჟს“ ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარი საწარმო, ის სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობს, რაც ბრენდის დამფუძნებლის განმარტებით, გარკვეული პრობლემების საფუძველი გამხდარა.

ამასთან, მისივე თქმით, ბრენდი ქართულ ბაზარზე უკვე საკმაოდ მოთხოვნადი გახდა, რაც ძირითადად, დეკემბერში გამოიკვეთა.

აღსანიშნავია, რომ მსურველებს სამოსის შეძენა ბრენდის ვებგვერდიდან ონლაინ შეკვეთებით შეუძლიათ. ამასთან, როგორც ნიკა მიქავამ აღნიშნა, კომპანია „ვენდუსთან“ სამომავლო თანამშრომლობის საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ცნობისთვის: „ლაკოაჟი“ ბაზარზე, დაახლოებით, 6 თვის წინ გამოჩნდა. კომპანიის გუნდი 7 წერვს აერთიანებს. რაც შეეხება პროდუქციის ფასს, ამ ეტაპზე, მომხმარებელს „ლაკოაჟის“ სამოსის შეძენა 35-90 ლარის ფარგლებში შეუძლია.