07.მარტი .2021 12:30

S&P Global-ის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულება 3.5 ლარი იქნება

S&P Global-ის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულება 3.5 ლარი იქნება
views 1859
უკან

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო S&P Global-ი 2021 წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულებას 3.5 ლარზე პროგნოზირებს - ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებში არის საუბარი. ამავე პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წელს ქვეყნის ეკონომიკა 4%-ით გაიზრდება. გაუარესებული ეკონომიკური ვითარების გამო, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი "ნეგატიურით" შეიცვალა, ამის მიუხედავად, S&P Global-ი მას კვლავ "BB" დონეზე ადასტურებს. 

S&P-ის შეფასებით, ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურება საგადასახდელო ბალანსის დეფიციტის მიერ იქნება განპირობებული.

ლარის შესაძლო გაუფასურება იყო ერთ-ერთი საკითხი, რომლის შესახებაც Forbes-ის კვირასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში S&P Global-ის ანალიტიკოსმა, აარტი საქჰუჯამ ისაუბრა.

- როგორც თქვენს ანგარიშში აღნიშნავთ, წელს ლარის გაუფასურებას პროგნოზირებთ და ელით, რომ წლის ბოლოსთვის ერთი დოლარის ღირებულება 3.5 დოლარი გახდება, ასევე მცირედი გაუფასურება გაქვთ ნავარაუდევი შემდგომი წლებისთვისაც. თუ შეგიძლიათ გვითხრათ რა ფაქტორების გამო მოელით ამ გაუფასურებას. ასევე ფიქრობთ თუ არა რომ საქართველოს ეროვნულ ბანკს შეუძლია ბაზარზე დამატებითი ინტერვენციების შედეგად უცხოური ვალუტის მიწოდება?

- “ეროვნულ ბანკს აქვს ინფლაციის თარგეთირების მანდატი და როდესაც ის ხედავს რისკებს ინფლაციასთან დაკავშირებით ის დგამს ნაბიჯებს და თუ გაუფასურებას აქვს გავლენა ინფლაციურ მოლოდინეზე, ყიდის სავალუტო რეზერვებს. ჩვენი აზრით ინტერვენციების პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამ მხრივ მნიშვნელობა აქვს იმასაც რა ზომის სავალუტო რეზერვები გააჩნია ეროვნულ ბანკს. გასულ წლებში ვხედავდით, რომ სებ-ი სავალუტო რეზერვებს პროაქტიულად ზრდიდა. ამან კი ქვეყანას მისცა დამატებითი სივრცე იმისთვის, რომ რთულ პერიოდში გაეყიდა აღნიშნული რეზერვები და 2020 წელს დაეცვა ლარი. ჩვენ ვერ გავცემთ რჩევას უნდა გაგრძელდეს თუ არა ეს ინტერვენციები, თუმცა ვხედავთ რომ ეროვნული ბანკი ამ მექანიზმს იყენებდა და იყენებს.

რაც შეეხება ლარის კურსს, დონეს, ვხედავთ, რომ საქართველოს აქვს საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი და ის მოიხმარს უფრო მეტ უცხოურ ვალუტას, შესაბამისად არსებობს დაწოლა ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსზე,”- განმარტავს აარტი საქჰუჯა.

2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მერყეობის შესამცირებლად, 870 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა. მიმდინარე წელს კი ინტერვენციების შედეგად უკვე 120 მილიონი დოლარი გაყიდა.

ლარის გაუფასურება არის ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც S&P Global-ის შეფასებით, 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა მთლიანი შიდა პროდუქტის 69.5%-ს მიაღწევს. ამჟამად ეს მაჩვენებელი 60%-ზეა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა