02.ოქტომბერი .2019 12:13

სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე ჯარიმები იზრდება

views 400
უკან

სამშენებლო და სამედიცინო ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე საჯარიმო სანქციები მკაცრდება- 
ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ ისაუბრა.

შესაბამისი ცვლილებების პროექტი თბილისის მერიამ უკვე მოამზადა, რომელიც უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება.

კალაძე ამბობს, რომ ხშირია შემთხვევები, როცა როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები სამშენებლო მასალებს სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე არ ათავსებენ.

შესაბამისად, კანონის დარღვევის შემთხვევაში, საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საჯარიმო სანქციები გაიზრდება.

კერძოდ, თუ აქამდე ფიზიკური პირის შემთხვევაში სამშენებლო ნარჩენის დაყრაზე ჯარიმა 1 კუბურ მეტრ ფართობზე 200 ლარი, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში 500 ლარი იყო, საკანონმდებლო ინიციატივა ითვალისწინებს ჯარიმის გაზრდას ფიზიკური პირის შემთხვევაში 1000, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 3 500 ლარის ოდენობით.

კახა კალაძის თქმით, 1 კუბურ მეტრზე მეტ ფართზე სამშენებლო მასალების უკანონოდ განთავსებაზე ჯარიმა იყო ფიქსირებული ფიზიკური პირისთვის 500, იურიდიული პირის შემთხვევაში კი 1500 ლარის ოდენობით, ცვლილებების მიხედვით კი 1-10 კუბურ მეტრამდე ფართზე სამშენებლო მასალების განთავსება გამოიწვევს ფიზიკური პირის 300, ხოლო იურიდიული პირის 600 ლარით დაჯარიმებას.

10-50-მდე კუბურ მეტრამდე ფართის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 10 000, იურიდიული პირისთვის კი 30 000 ლარი იქნება.

კანონპროექტით, 50 კუბურ მეტრზე მეტი ფართის შემთხვევაში ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 30 000 ლარით, იურიდიული პირისთვის კი 50 000 ლარით არის განსაზღვრული.

მკაცრდება საჯარიმო სანქციები სამედიცინო ნარჩენების საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ კონტეინერებში განთავსების შემთხვევებზეც, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.

„გვაქვს შემთხვევები, როცა ხდება საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში სამედიცინო ნარჩენების ჩაყრა, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. სამედიცინო ნარჩენები, რომელიც იყრება საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერებში არის ეპიდემიის წყარო. აქაც გვინდა გავამკაცროთ მიდგომები“-აცხადებს კახა კალაძე.

საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, სამედიცინო ნარჩენების განთავსებაზე ჯარიმა ფიზიკური პირის შემთხვევაში 12-ჯერ გაიზრდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა ათმაგი ოდენობის გახდება.

თუ აქამდე ფიზიკური პირი 400 ლარით ჯარიმდებოდა, ახლა ჯარიმა 5000 ლარი გახდება.

იურიდიული პირის შემთხვევაში სამედიცინო ნარჩენების განთავსებაზე თუ აქამდე 1000 ლარი იყო ჯარიმა, საკანონმდებლო ცვლილებებით, სანქცია 10 000 ლარი გახდება.


მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა