მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო და სარემონტო მასალების ბიზნესში გაყიდვები 15-20%-ით შემცირდა

5f6f263b6996f
ლიკა გურაბანიძე
26.09.20 15:27
1000

პანდემიის ფონზე სხვადასხვა სექტორებში გაყიდვების კლების ტენდენცია კვლავ უცვლელია. ამ მხრივ გამონაკლისს არც სამშენებლო და სარემონტო მასალების სარეალიზაციო ბიზნესი არ წარმოადგენს. BMG ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების ხელმძღვანელებს ესაუბრა. ისინი აღნიშნავენ, რომ პანდემიამ სექტორი ბევრი გამოწვევის წინაშე დააყენა, მათ შორის როგორიც არის შემცირებული მომხმარებლების რაოდენობა და გაყიდვებში კლების ტენდენცია.

“ზოდის” აღმასრულებელი დირექტორის ჯაბა ფუტკარაძის თქმით, კომპანიას პანდემიის პერიოდში გარკვეული სახის გამოწვევები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა მიუხედავად ამისა მათ თანამშრომლების ოპტიმიზაციის პროცესი არ დაუწყიათ.  

“სექტორში საცალო გაყიდვები და მომხმარებლების რაოდენობა დაახლოებით 15-20%-ით არის შემცირებული.

ჩვენ შევძელით, რომ თანამშრომლების თითქმის 100%-ი შეგვენარჩუნებინა. პანდემიის დაწყებიდან საქმიანობა შეზღუდული გვქონდა და კომპანია არ ფუნქციონირებდა, ჩვენ ხელფასების ნაწილის გაცემა საკუთარ თავზე ავიღეთ. ჩვენი თანამშრომლები უხელფასოდ არ დაგვიტოვებია.”  - განაცხადა ფუტკარაძემ.

სარემონტო მასალების იმპორტიორი კომპანია "ლუქსორის" დამფუძნებელი დავით გიორგაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე კომპანიაში ფასების ზრდა მოსალოდნელი არ არის.

“სექტორში საცალო გაყიდვები 15-20%-ით არის შემცირებული. ფასების ზრდას ჯერ არ ვვარაუდობთ, თუმცა ხვალ რა იქნება ამის განსაზღვრა ცოტა რთულია. თუ ევროს ნიშნული 4-ს გადასცდება, რა თქმა უნდა მაშინ ფასების ზრდასაც დავგეგმავთ.” - განაცხადა გიორგაძემ.

ლარის კურსის მერყეობის და პანდემიის ფონზე, იმპორტირებული სამშენებლო მასალების სარელიზაციო ბიზნესი ბაზარზე ოპერირებას შემცირებული მაჩვენებლებით და სხვა არსებული გამოწვევებით განაგრძობს, თუმცა მსოფლიოში და ქვეყანაში შექმნილ ახალ რეალობაზე გადაწყობას მაინც ცდილობს.