მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო საქმიანობის მიზნებისთვის კომუნალური მომსახურება დაშვებული იქნება - მერია

6039ceb569fff
თათია ჩაფიჩაძე
27.02.21 20:00
2387
თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ბირკაძე ფიქრობს, რომ "სამშენებლო ამნისტიის" კანონპროექტი, რომელიც შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებამდე შენობაში გაზისა და ელექტროენერგიის შეყვანას კრძალავს, ეკონომიკურ საქმიანობას არ შეაფერხებს და პროცესებს დროში არ გაწელავს.

„საქმიან დილასთან“ საუბრისას ბირკაძე განმარტავს, რომ სამშენებლო საქმიანობის პროცესისათვის კომუნალური მომსახურება დასაშვები იქნება და მიწოდება ჩვეულებრივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

„აუცილებელია, რომ სამშენებლო პროცესი იყოს სამართლებრივ ჩარშოჩი მოქცეული და ამასთან იყოს უსაფრთხოების წესები დაცული. ამისთვის მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარებაც. ესეც ერთ-ერთი პრევენციაა იმისა, რომ საბოლოოდ მოხდეს დასრულება იმ ფორმით, რა ფორმითაც ნებართვაა გაცემული. არ უნდა ხდებოდეს სანებართვო პირობებისა და ვადების გადაცდენა. ამის ერთ-ერთი მექანიზმი არის ის, რომ სანამ არ მოხდება ექსპლუატაციაში მიღება, ელექტროენერგიითა და გაზით მომარაგება არ იყოს დაშვებული. თუმცა აქვე საკანონდებლო პაკეტი ითვალისწინებს იმას, რომ სამშენებლო საქმიანობის მიზნებისთვის სრულ პროცესში, სრული ვადით კომუნალური მომსახურება დასაშვებია და მიწოდება ჩვეულებრივ რეჟიმში იქნება შესაძლებელი.

ეს არ იქნება გაყიდვებთან პირდაპირ დაკავშირებული, საკუთრების უფლების წარმოშობა არ არის შეზღუდული. რაც შეეხება რემონტების გაკეთებას და ამ მხრივ შესაძლო შეფერხებას, კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს სამშენებლო საქმიანობის პროცესში ამ ობიექტების ელექტროენერგიითა და ბუნებრივი გაზით მომარაგებას.

იმედი გვაქვს, რომ პარლამენტი უახლოს მომავალში განიხილავს საკანონდებლო პაკეტს. უკვე მოხდა პრინციპების დონეზე შეჯერება, რაც შეეხება მიღების ვადებს, როგორც ვიცი საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ“ - განაცხადა ბირკაძემ.

თბილისის მერიის მიერ შემუშავებული ახალი კანონპროექტის მიხედვით, კორპუსის ექსპლუატაციაში შესვლამდე შენობა-ნაგებობაში კომუნიკაციების შეყვანა იკრძალება. როგორც კერძო სექტორი ამბობს, ცვლილებების მიხედვით, გართულდება პროცესები როგორც სამშენებლო კომპანიებისთვის, ისე ბინის მესაკუთრეებისთვის, რომლებიც კორპუსების ექსპლუატაციაში შესვლამდე სარემონტო სამუშაოების დაწყებას ვერ შეძლებენ. როგორც კომპანია “რედკოს” დირექტორი მალხაზ კუნელაური ამბობს, დროში გაიწელება პროცესები და გეგმების შეცვლა ბინის მესაკუთრეებთან ერთად მშენებლებსაც მოუწევთ. ეს კი მისი თქმით, ეკონომიკურ პროცესებს შეანელებს.