13.მაისი .2020 09:45

სამშენებლო სექტორის კრიზისიდან გამოსასვლელად საბანკო რეგულაციები უნდა გამარტივდეს-"რედკო"

views 321
უკან

სესხებზე დაწესებული სამთვიანი საშეღავათო პერიოდი უკვე იწურება. კერძო სექტორი კი, არარსებული შემოსავლების ფონზე აცხადებს, რომ საშეღავათო პერიოდის გახანგრძლივების გარეშე საბანკო ვალდებულებებს ვერ მოემსახურებიან. სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი შექმნილ ვითარებაში საბანკო ვალდებულებებთან ერთად საბანკო რეგულაციის გამარტივების საჭიროებაზეც ალაპარაკდა.

„სამშენებლო ბიზნესი ჯერ კიდევ არ დაბრუნებია პირვანდელ პოზიციებს, მათ შორის გაყიდვების მაჩვენებლით. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ბანკებმა მოახდინონ საბანკო ვალდებულებების კვლავ გადავადება წლის ბოლომდე. ამ საკითხზე ჩვენ უკვე გვაქვს საუბარი პარტნიორ ბანკთან, თუმცა ვფიქრობ, ბაზარზე მანც ერთიანი მიდგომა უნდა იყოს ჩამოყალიბებული.

ვფიქრობ, კარგი იქნება ისიც, რომ მოხდეს საბანკო რეგულაციების შემსუბუქება/გაუქმება, რათა დაკრედიტების პროცესი განხორციელდეს სწრაფად და დაბრკოლების გარეშე. ეს კი ხელს შეუწყობს სამშენებლო ბიზნესის და ბანკების პარტნიორულ ურთიერთობებს. მათ შორის საუბარია იპოთეკური სესხების ნაწილში რეგულაციების გამარტივებაზე.

შექმნილ კრიზისულ პერიოდში კიდევ, რაც შეიძლება საბანკო სექტორმა გააკეთოს, ეს არის ბიზნესებისთვის კურსის დაფიქსირება. ბევრი მიმართულებით შეიძლება მუშაობა, რომ არსებული გამოწვევები დაიძლიოს“, - აცხადებს კომპანია "რედკოს" ხელმძღვანელი მალხაზ კუნელაური.

მისი თქმით, რთული სათქმელია როდის დაუბრუნდება სამშენებლო ბიზნესი ძველ პოზიციებს, თუმცა ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია მათ შორის კომპლექსურ ღონისძიებებზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ბიზნესის, სახელმწიფოს და საბანკო სექტორის ჩართულობით. 

„ბანკებსაც თავისი გამოწვევები აქვს. ვფიქრობ, მათ ალბათ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ერთგვარი ზარალის კომპენსირებაში, რომელიც საფინანსო ინსტიტუტებს ვალდებულებების გადავდებით შეიძლება მიადგეთ“, - აცხადებს კუნელაური.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა