მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამშენებლო სექტორისა და მთავრობის შეხვედრაზე საბანკო რეგულაციებზე იყო საუბარი

5da09ba798741
BM.GE
11.10.19 20:30
797
პრემიერმა გიორგი გახარიამ დღეს ქვეყნის უმსხვილესი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა. გახარიას თქმით, მთავრობამ იცის, რომ სექტორისთვის 2017 წელი იყო უკეთესი, ვიდრე 2018 წელი, ხოლო 2019 წელს კი სექტორისთვის ერთ-ერთ შემაფერხებელ ფაქტორად საბანკო რეგულაციები იქცა:

"მესმის, რომ 2017 წელი უკეთესი იყო, ვიდრე 2018. 2018 წელს იყო გარკვეული პრობლემები, როგორც რეგულირების, ასევე ადმინისტრირების ნაწილში. 2019 წელი საკმაოდ იმედისმომცემია, თუმცა, ძალიან კარგად გვესმის, რომ პირველ რიგში საბანკო რეგულაციების ნაწილში, ისევე როგორც დარგში სხვა სახის რეგულაციების შემოღებით - ზოგან გამკაცრებით, გარკვეული სირთულეები და შეფერხებები შეიძლება იყოს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეხვედრის დასრულების შემდგომ დეველოპერული კომპანია "m2"-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც სამშენებლო სექტორში ინვესტიციების კლებას და საბანკო რეგულაციების გავლენას ეხებოდა ასე უპასუხა:

"მშენებარე პროექტის დაფინანსება ვერ მოხდება, თუ პროექტი რომელიმე ბანკის მიერ არ იქნა ე.წ. "შეკრული". ამ პროექტის შეკვრას სჭირდება დამატებითი უზრუნველყოფის მოტანა, რაც გარკვეულწილად პრობლემას ქმნის, რადგან უზრუნველყოფა უძრავი ქონების სახით, არაა ასეთი მარტივი მოსაპოვებელი. ასევე, იპოთეკური სესხის გაცემის დროს არის გარკვეული შეზღუდვები მსესხებლის შემოსავალსა და სესხის ყოველთვიურ გადასახადთან დაკავშირებით. კარგი იქნება თუ ამ მიმართულებითაც გარკვეული ნაბიჯები გადაიდგმება. მე ვფიქრობ, რომ ბანკებს უნდა მიეცეთ, უფრო მეტი დისკრეცია, რომ თვითონ თავისი გადაწყვეტილებით, საკრედიტო რისკების აწონ-დაწონვის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება, გასცენ თუ არ გასცენ იპოთეკური სესხი. მე მგონი, უფრო მეტი თავისუფლება რომ ჰქონდეთ ბანკებს, უკეთესი იქნება", - განაცხადა ბურდილაძემ. 

შეხვედრას ქართული ოცნების დეპუტატი ილია წულაიაც ესწრებოდა. მან bm.ge-ის განუცხადა, რომ ის ეთანხმება შეფასებას, რომ ბანკებს იპოთეკური სესხების გაცემის დროს უფრო მეტი თავისუფალი სივრცე უნდა მიეცეთ, თუმცა ამავდროულად აღნიშნავს რომ რეგულაციები იმ სახით რა სახითაც მიიღეს, მის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით უფრო მსუბუქი იყო. 

"სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდა იმასთან შედარებით რაც იყო პირველ ეტაპზე წარდგენილი და ამისთვის დიდი მადლობა იმ ჯგუფს რომელიც აღნიშნულ საკითხზე მუშაობდა. იმ აზრს რა თქმა უნდა ვეთანხმები, რომ ბანკებმა უმჯობესია თავად მიიღონ ამგვარი გადაწყვეტილება, ბანკები საკმაოდ გამოცდილები არიან და მათ გაუძლეს დროთა გამოწვევებს, ამიტომაც თავად ჯობია მიიღონ გადაწყვეტილება სხვა და სხვა სახის დაკრედიტებასთან დაკავშირებით, მე მგონია, რომ დისკრეცია ბანკებზე უნდა გავრცელდეს,"- განაცხადა წულაიამ.