მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსგავსი ნეგატიური ფაქტები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს დამღასავით ატყვია - კახა შარაბიძე ENKA-ს საქმეზე

614c96ae7ffaf
თელარა გელანტია
23.09.21 21:00
970
იურიდიული ფირმა BLB-ის დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა შარაბიძის შეფასებით, ENKA-ს გადაწყვეტილება, რომ ის წყვეტს კონტრაქტს სახელმწიფოსთან, საქართველოს ისედაც შელახულ საინვესტიციო იმიჯს კიდევ უფრო აზიანებს.

„ხალხური გამოთქმა ხომ ვიცით - სახელის გატეხას თავს გატეხა სჯობსო - ამ შემთხვევაში ორივე გაგვიტყდა - სახელიც და თავიც. ასეთი გადაწყვეტილებები არ მთავრდება იმ კვირის „ნიუსებთან“ ერთად, მაგრამ ასე არაა, მსგავსი ნეგატიური ფაქტები ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს დამღასავით ატყვია და მრავალი ათეული წლები გაჰყვება. მარტივად წარმოიდგინეთ რა მესიჯია ეს პოტენციური ინვესტორებისთვის ან მცირე და საშუალო ბიზნესისთვის - ისინი ხედავენ, რომ ისეთი დიდი კორპორაცია, როგორიც ENKA არის, აწყდება იმ მასშტაბის წინააღმდეგობას, რომ იძულებულია საერთაშორისო დავაში შევიდეს, მათ აბსოლუტურად გაუქრებათ საქართველოში ინვესტირების მოტივაცია. ამდენად, ეს ძალიან ცუდი გზავნილი იქნება და დაგვაზიანებს როგორც პირდაპირ - ფინანსური ზარალი დავის წაგების შემთხვევაში, ასევე ირიბად - ნეგატიური გავლენა საინვესტიციო იმიჯზე“, - აცხადებს bm.ge-სთან ინტერვიუში კახა შარაბიძე და დასძენს, რომ თუ ინვესტორ კომპანიასთან სახელმწიფომ დადო ხელშეკრულება, მას აქვს ვალდებულება, შეასრულოს კონტრაქტის პირობებიც.

„ან ხელი არ უნდა მოვაწეროთ კონტრაქტს თუ ეს პირობა შეუსრულებელია ან ხვალ მოგვეჩვენება, რომ ცუდია, მაგრამ თუ მოვაწერთ, პატივი უნდა ვცეთ კონტრაქტის პირობებს და მნიშვნელობა არ აქვს რომელმა ჩინოვნიკმა თუ პოლიტიკურმა ფიგურამ მოაწერა ხელი და მოგვწონს თუ არა - ის დღეს“, - აღნიშნა BLB-ის მმართველმა პარტნიორმა.

ქვეყნისთვის საერთაშორისო საარბიტრაჟო დავების პირდაპირ და ირიბ ფასზე საუბრისას კახა შარაბიძემ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა თანხა უჯდება ან შეიძლება დაუჯდეს საქართველოს გადასახადის გადამხდელებს მსგავსი დავები და ზოგადად, რამდენ ასეთ დავაში წარმოადგენს მხარეს სახელმწიფო.

ამასთან, იურისტი ყურადღებას ამახვილებს პოლიტიკური ფიგურების თუ საჯარო მოხელეების პასუხისმგებლობაზე.

„ვკითხოთ მთავრობას - რამდენ დავაშია ჩართული საქართველოს სახელმწიფო ინვესტორებთან, ვინ არიან ინვესტორები და ყველა შემთხვევაში ინვესტორი იყო დამნაშავე?! ასევე, ვიკითხოთ ამ დავების ინიციატორი ვინაა?! სახელმწიფო ანგარიშვალდებულია და ვფიქრობ, არაფერი არ ზღუდავს გვითხრას რამდენ დავაშია ჩართული და რა შეიძლება ეს დავა დაუჯდეს ჩვენს შვილიშვილებს და შვილებს, რადგან მსგავსი დავები წლების განმავლობაში გრძელდება და შეიძლება ზოგიერთი მოხელე საერთოდ არც იყოს თანამდებობაზე ან ჯილდოებით და პრემიებით უკვე სახლში იყოს წასული და ის პასუხს არ აგებს შედეგზე. თუ გახსოვთ ვინმე - სახელმწიფო მოხელის ან პოლიტიკური ფიგურის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარა იმ გადაწყვეტილებების გამო, რაც სახელმწიფოს მიადგა სხვადასხვა საერთაშორისო დავის შედეგად?!“, - აცხადებს კახა შარაბიძე.