21.აგვისტო .2019 14:15

სამთავრობო პროგრამის ბენეფიციარს მთავრობისავე გადაწყვეტილების გამო, პრობლემა შეექმნა

views 338
უკან

პოლიეთილენის პარკების მწარმოებელი შპს "ა პლასტი" სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარია. კომპანიის წარმომადგენლის მელიტა პატარიძის ინფორმაციით, საწარმოს საკრედიტო ვალდებულება ჯამში, 350 000 ევროს სცილდება და პოლიეთილენის პარკების აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ კომპანია დიდი გამოწვევის წინაშე დააყენა.

ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში სამთავრობოს პროგრამის ბენეფიციარს მთავარი პრეტენზია სახელმწიფოსთან ჰქონდა.

„ჩვენ წარვადგინეთ პროექტი დანადგარის შესახებ, რომელიც პოლიეთილენის წარმოებისთვის გვესაჭიროებოდა. თუკი ჩვენ, მეწარეებმა გულგრილობა გამოვიჩინეთ, სახელმწიფოს მიერ შესაბამისი საბანკო სისტემა რატომ არ იქნა გაფრთხილებული, რომ მსგავსი კრედიტები დაკმაყოფილებული არ იქნებოდა, რადგან ქვეყანაში პოლიეთილენის პარკების წარმოება აიკრძალებოდა“, - აცხადებდა აპრილში მელიტა პატარიძე.

Bm.ge-მ გადაწყვიტა, გაერკვია რა მდგომარეობაშია დღეს შპს „ა პლასტი“, რადგან 2019 წლის 1 აპრილიდან ანუ იმ პერიოდიდან, რაც ყველა ტიპისა და სისქის პლასტიკის პარკის რეალიზაცია აიკრძალა, მეხუთე თვე გადის.

როგორც აღმოჩნდა, „ა პლასტი“ სახელმწიფოს მხარდაჭერის მოლოდინშია; სესხი კი, რომელიც 10-წლიანია და 350 000 ევროს აღემატება - ჯერ კიდევ დასაფარი, რაც კომპანიას ფინანსურ პრობლემას უქმნის.

„სესხი ასე მარტივად არ დაიფარება; 10-წლიანი კრედიტისთვის ერთწლიანი საშეღავათო პერიოდი არაფერს ნიშნავს. საწარმოში კი, მხოლოდ ორი დანადგარი მუშაობს, დანარჩენი გაჩერებული გავქვს. თუმცა არის იმედი, რომ სახელმწიფო დაგვეხმარება. ჩვენ მოვიძიეთ კერძო პირები და შევთავაზეთ პროექტები, რომლებიც გულისხმობს უნარჩენო წარმოებას. რეალურად, ბაზარზე არიან ადამიანები, რომლებიც მზადაა, თანხები ჩადონ ამ მიმართულებით და დაგვეხმარონ ბიო ნედლეულის გადამუშავებაში. შესაბამისად, მათ შეიტანეს უკვე განაცხადი სახელმწიფო გრანტებზე და ახლა ველოდებით მათგან პასუხს, რომელიც სავარაუდოდ, სექტემბრის შუა რიცხვებში გვეცოდინება“, - აღნიშნა მელიტა პატარიძემ BM.ge-iსთან საუბარში.

მისივე თქმით, ბიო ნედლეულის გადამუშავებას სჭირდება ახალი დანადგარები, რომ წარმოებული პროდუქტი იყოს უნარჩენო და მრავალჯერადი; ეს ყველაფერი ერთად კი, აძვირებს წარმოების პროცესს და საბოლოოდ ფასაც, ამიტომაც მას არავინ იყიდის.

„ჩვენ კი გამოვუშვებთ ბიო ნედლეულის მასალას, მაგრამ მას არავინ არ იყიდის, ძვირადღირებულია. როგორ ფიქრობთ, ადამიანები, რომლებიც პოლიეთილენის პარკში 5 თეთრს იხდიან, ისინი 25 თეთრს გადაიხდიან? გაზრდილი ფასი მომხმარებლის ჯიბეზე აისახება, ამიტომ უარს იტყვიან გამოყენებაზე, ეს კი პირველ რიგში ჩვენ გვაზარალებს. ამიტომ საჭიროა, ბიო ნედლეულის ფასი გაუტოლდეს პოლიეთილენის პარკს, ამაში კი, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს“, - აღნიშნა შპს "ა პლასტის" წარმომადგენელმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა