მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო საათების აღრიცხვა სავალდებულო ხდება - „მთავრობას რეგულაცია უნდა გადაევადებინა"

602a86ad6ccde
სალომე მეცხვარიშვილი
16.02.21 09:45
3822
პირველი მარტიდან დამსაქმებლებისთვის ახალი რეგულაცია შედის ძალაში. კომპანიებმა საკუთარი თანამშრომლების სამუშაო დრო ყოველთვიურად უნდა აღრიცხონ და დასაქმებულს გადაუგზავნონ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა
"სამუშაოს ორგანიზების სპეციფიკიდან გამომდინარე", ეს შეუძლებელია, თუმცა, დოკუმენტი არ განსაზღვრავს, რა შეიძლება ჩაითვალოს ასეთ სამუშაოდ. შესაბამისად, გაუგებარია, ვის ეპატიება თუ თანამშრომლების სამუშაო დროს არ აღრიცხავს. როგორი უნდა იყოს სამუშაოს აღრიცხვის ფორმა - შესაბამისი დოკუმენტი ჯანდაცვის მინისტრმა 12 თებერვალს დაამტკიცა.

აუდიტორიული კომპანია Kreston Papiashvili Consulting Group-ის მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი აცხადებს, რომ კომპანიებს რეგულაციების შესასრულებლად დამატებითი რესურსის გამოყოფა მოუწევთ. მისი თქმით, საჭირო იქნება ან ახალი კადრის აყვანა ან უკვე არსებული თანამშრომლისთვის დამატებითი სამუშაოს დაკისრება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს პირი საკუთარ სამუშაოს უნდა მოწყდეს.

“კანონის მიხედვით, სამუშაო საათების აღრიცხვა შესაძლებელია როგორც მატერიალური, ასევე ელექტროენული ფორმით. ელექტრონული აღრიცხვა შეიძლება მოხდეს პროგრამული უზრუნველყოფით, თუმცა პროგრამა აღრიცხავს პირველად მონაცემებს და მისი გადამუშავება მაინც ადამიანური რესურსის გამოყენებით უნდა მოხდეს. ამასთან, შეუძლებელია, ყველა კომპანიამ პროგრამული უზრუნველყოფით გადაწყვიტოს ეს საკითხი”, - აცხადებს აუდიტორიული კომპანიის მმართველი დირექტორი და განმარტავს, რომ ზოგიერთ კომპანიას ამის არც ფინანსური და არც ადამიანური რესურსი არ გააჩნია. 

დავით პაპიაშვილი მიიჩნევს, რომ პანდემიის დროს მსგავსი რეგულაციის შემოღება არასწორია და კარგი იქნებოდა, ხელისუფლებას მისი ამოქმედება 1 წლით მაინც გადაევადებინა.

“ზოგადად, ამ კანონის მიზანი გასაგებია - უნდა აღირიცხოს თანამშრომლის მიერ შესრულებული ზეგანაკვეთური სამუშაო. გვესმის ისიც, რომ შესაძლოა ამას გრძელ ვადაში დადებითი ეფექტი ჰქონდეს გარკვეული კომპანიებისთვის. მთავარი კითხვა, რაც მიჩნდება არის ის, რამდენად არის დღეს ეს რეგულაცია ბიზნესისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში? იმ პირობებში, როცა ეკონომიკა პრაქტიკულად გაჩერებულია; რამდენად არის დღეს ეს ყველაფრი აუცილებელი და რამდენად შეასრულებს ყველა კომპანია ამ რეგულაციას? დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ყველა კომპანია ამას ვერ გააკეთებს. ის კომპანიები კი, ვისაც ეს სჭირდება, აქამდეც აკეთებდნენ”, - აცხადებს დავით პაპიაშვილი.