მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონს ეწინააღმდეგება – "დამსაქმებელთა ასოციაცია"

60c47aff0d130
ანუკა ჯოხაძე
12.06.21 13:21
5599
სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან წინააღმდეგობაშია - დამსაქმებელთა ასოციაცია
ახალი შრომის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა გასული წლის 29 სექტემბერს მიიღო. ყველაზე მწვავედ პანდემიურ რეალობაში კერძო სექტორი თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვას შეხვდა. ვალდებულებას, რომელიც ძალაში 1 მარტიდან შევიდა, კერძო სექტორისგან კრიტიკა მოჰყვა.

ბიზნესი ამბობს, რომ კომპანიებისთვის ტაბელების შევსების სახით წარმოქმნილი ე.წ დამატებითი ბუღალტერიაა წარმოიქმნა. დამსაქმებელთა ასოციაციის განმარტებით კი, ერთი კანონის დაცვით, ბიზნესი სხვა კანონის დარღვევის რისკის წინაშე აღმოჩნდა. როგორც დამსაქმებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, სამუშაო საათების აღრიცხვის ვალდებულება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან წინააღმდეგობაში მოდის.

“გადაკვეთა მოხდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან. შრომის კანონმდებლობამ კომპანიები დაავალდებულა, რომ პერსონალური ინფორმაციის შემოწმება და მონიტორინგი ეწარმოებიათ, რომელიც რიგ შემთხვევებში დაფარულ ინფორმაციას წარმოადგენს, მაგალითად თითის ანაბეჭდის სისტემის გამოყენება ან ვიდეო მონიტორინგი. ორივე შემთხვევა პირდაპირ მოდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონთან წინააღმდეგობაში,”-აცხადებს დამსაქმებელთა ასოციაციის აღმოსარულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

რამდენად დგას რისკი, რომ ის კომპანიები, რომლებმაც თანამშრომლების სამუშაო საათების აღრიცხვა დაიწყეს, “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს” არღვევდნენ? ამ კითხვით BM.GE-მ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართა.

როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ამბობენ, რისკი მხოლოდ იმ შემთხვევაში არსებობს, თუ კომპანია ტაბელის ცხრილს გამოიყენებს, სადაც რამდენიმე თანამშრომლის მონაცემები ერთდროულად იქნება დატანილი. როგორც ინსპექტორის სამსახურში ამბობენ, ამ შემთხვევაში თანამშრომლებს შესაძლოა ერთმანეთის პერსონალურ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეთ. მათი თქმით, სხვა შემთხვევაში რისკები არ არსებობს.

“ბიომეტრიული მონაცემი, ისეთი როგორიც არის თითის ანაბეჭდი, არ შეიძლება დაამუშავო სამუშაო დროის აღრიცხვის მიზნით. შესაბამისად, კანონმდებლობა ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოდის. ის, რომ კანონმდებლობა აძლევს მათ საშუალებას, რომ ელექტრონულად აღრიცხონ სამუშაო საათები, არ ნიშნავს იმას, რომ ბიომეტრიული მონაცემები უნდა აღწერონ”-ამბობს საქართველოს ინსპექტორის სამსახურის საჯარო სექტორზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ქეთევან კრაწაშვილი.

ცნობისთვის, 1 მარტიდან ამოქმედებული კანონის შესაბამისად, კომპანიის დასაქმებულების მიერ შესრულებული სამუშაო საათები და მათი გაცდენები უნდა აღირიცხოს. ამ ანგარიშფაქტურების შევსების ვალდებულება დამსაქმებლებს ყოველთვიურად აქვთ, სიების არქივი კი 1 წლის განმავლობაში ინახება.