მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სამწუხაროა, რომ საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის დღის წესრიგად იქცა დარღვევები" - ასათაშვილი მთის კურორტების კომპანიაზე

608c419f8f6ab
თამთა ჯიჯავაძე
30.04.21 23:10
844
„სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ყოველდღიურ დღის წესრიგად იქცა ასეთი დარღვევები, როგორიცაა: მაღალი ხელფასები, სახელფასო დანამატების გაცემა, საწვავის აღურიცხავი ან გაუმჭვირვალე ხარჯვა და ა.შ“, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ "გუდაური ჰელინსკის" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა მთის კურორტების კომპანიის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

ასათაშვილის თქმით, დარღვევებს შორის ყველაზე საყურადღებო ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელსაც კომპანია ახორციელებს. ცნობისთვის, აუდიტის სამსახურმა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებულ სახელმწიფო კომპანიაში რიგი დარღვევები აღმოაჩინა. ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიამ უნებართვო მშენებლობებზე 159 მილიონი ლარი დახარჯა და რომ დიდძალი საბიუჯეტო თანხები არის გაღებული ისეთი საინჟინრო ხელშეკრულებების გაფორმებისთვის, რომელთა შესახებაც შესაბამისი ნებართვები არ არსებობდა. სახელმწიფო კომპანიამ ეს კონტრაქტები 2018 და 2019 წლებში დადო.

„ვფიქრობ, ინფრასტრუქტურული განვითარება უნდა გაგრძელდეს, მაგრამ სამწუხაროა რომ სამუშაოები ასეთი დარღვევებით მიმდინარეობს, თუმცა, ამ პროექტების მშენებელობა მხოლოდ მთის კურორტების გადასაწყვეტი არაა. რიგ შემთხვევაში ეს პროექტები ფორსირებული ტემპით ხორციელდება, მე თავად, როგორც ერთ-ერთმა ქვეკონტრაქტორმა, ძალიან კარგად ვიცი, როგორც ხდება მსგავსი პროექტების განხორციელება. გადაწყვეტილებას როგორც წესი ცენტრალური მთავრობა იღებს, ძირითადად ეს მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს გადასაწყვეტიც არ არის. ინფრასტრუქტურის სამინისტროს და პრემიერის დონეზე წყდება ამ პროექტების განხორციელება“, - განაცხადა ვატო ასათაშვილმა.

მისივე თქმით, ეს არის ის მანკიერი პრაქტიკა, რაც აუცილებლად უნდა გამოსწორდეს და მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, როგორც მაკონტროლებლის სწორი ევალუაცია, რამდენად კარგად არის პროექტები განხორციელებული.

ხოლო კითხვაზე, საჭიროა თუ არა მთის განვითარების კომპანია საერთოდ და შეუძლია თუ არა კერძო სექტორს თავადვე მართოს მთის კურორტები, ასათაშვილმა აღნიშნა:

„სამწუხაროდ, დღეს მთის კურორტების მართვა არ არის მომგებიანი ბიზნესისთვის, ხოლო მეორე მხრივ იმხელაა კაპიტალური ხარჯები რომ სტანდარტული ოპერირებისთვის ბიზნესმოთამაშეები დღეს საქართველოში მის მართვას ვერ წვდებიან. ამიტომაც მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ეს დარჩენილიყო სახელმწიფოს მართვის ქვეშ და შექმნილიყო წარმატებული პროექტები, იმისათვის რომ შემდეგ მათი პრივატიზაცია ან გრძელვადიან პერსპექტივაში PPP პრინციპით კერძო ინვესტორების შემოყვანა მომხდარიყო“.

"გუდაური ჰელინსკის" დამფუძნებლის თქმით, დღეს გუდაურის და ბაკურიანის კურორტები კარგად მუშაობს ზამთარში, ბაკურიანი ზაფხულის სეზონზეც, რაც შეეხება გოდერძის და მესტიას, ისინი კვლავ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებადი მიმართულებებია.