მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამწუხაროდ, საზოგადოებაში ბანკები დემონიზებულია, თუმცა მოგებაზე გასვლა ეკონომიკისთვის კარგია - ფინანსისტი

61376c5138142
ინგა მურუსიძე
11.09.21 16:12
1088
2021 წლის პირველ ნახევარში ქართული ბანკების წმინდა მოგება რეკორდულად გაიზარდა, მთლიანობაში 15 კომერციულმა ბანკმა 1.06 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავა, რაც არა მხოლოდ 2020 წელთან, არამედ 2019 წელთან შედარებითაც მეტია. ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი მონაცემების მიხედვით, წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი - 485.8 მილიონი ლარის მოგება “თიბისი ბანკმა” გამოიმუშავა, რომელსაც 434.8 მილიონი ლარის მოგებით “საქართველოს ბანკი” მოსდევს. მთლიანობაში სამ უმსხვილეს ბანკზე სექტორის მოგების 90% მოდის. 

ფინანსისტი ირაკლი ერაძე bm.ge-სთან საუბარში ამ მაჩვენებლებს რამდენიმე მიზეზს უკავშირებს.

„გასულ წელს ბანკებმა გააკეთეს თანხის დარეზერვება და შესაძლოა, ამ მაჩვენებლის ერთ-ერთი მიზეზი იყოს ეს. სუფთა ბუღალტრული ამბავია. ეს თანხები დაარეზერვეს და ახლა მოგებაში აისახება. ესეც რომ არ იყოს, თავად საბანკო სფეროს მოგება არ არის გასაკვირი პოსტ-კრიზისულ სიტუაციაში. ამასთან, მოგეხსენებათ, გასულ წელს სახელმწიფოს მხრიდან მოხდა გარკვეული ჩარევები, იყო სუბსიდირებაც, ამან ხელი შეუწყო იმას, რომ ეკონომიკური კრიზისი, რომელიც არსებობდა ჩვენს ქვეყანაში, საფინანსო სისტემას არ გადაეცა.

გარდა ამისა, მოგების მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ეკონომიკის მცირედი, თუმცა ამოქმედება, მაგრამ ეს ვერ იქნება მთავარი განმსაზღვრელი, რადგან ფინანსური სისტემის ანატომია ისეა მოწყობილი საქართველოში, რომ ეკონომიკაში არსებული კრიზისი სექტორს ნაკლებად გადაეცემა, რადგან აწყობილი, მდგრადი სისტემაა. ჩვენს ქვეყანაში არ არის ისე, როგორც აშშ-ში, რომ არსებობს ძალიან ბევრი ფინანსური ინსტრუმენტი, სხვადასხვა კლასიფიკაციით, რომელიც უფრო მოწყვლადია, მსგავსი ძვრების დროს. ესეც შეიძლება იყოს მიზეზი, რომ საფინანსო სექტორი ფეხზე დგას“, - განაცხადა ერაძემ.

გარდა ამისა, ფინანსისტი თვლის, რომ საბანკო სექტორი მენეჯმენტის თვალსაზრისით ერთ-ერთი კარგად მართული სექტორია.

„ეროვნული ბანკის დამსახურებაც არის ამაში, როგორც მარეგულირებლის. საბოლოო ჯამში, ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ, საზოგადოებაში ბანკები დემონიზებულია, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ როცა ბანკი მოგებაზე გადის, ეს ეკონომიკისთვისაც კარგია და დეპოზიტარებისთვისაც. ეს ფული არსად არ მიდის, ფულადი რეზერვი, მოგება არის ერთ-ერთი ის ფონდი და ფული, რომლის დიდი ნაწილი ეკონომიკას და დაკრედიტებას ხმარდება“, - განაცხადა ირაკლი ერაძემ.