მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სამხარაულის დათვლილი ფასები არაადეკვატურია” - ფერმერთა ასოციაციები სამთავრობო პროგრამაზე

60ae5de2996e3
სალომე მეცხვარიშვილი
26.05.21 20:30
2903
ფერმერებს, რომლებსაც სასოფლო-სამეურნეო მიწა იჯარით აქვთ აღებული, მთავრობამ მიწების გამოსყიდვა 25%-იანი ფასდაკლებით შესთავაზა. ხელისუფლების მიზანია, მოქალაქეებმა უფრო ეფექტურად გამოიყენონ აღნიშნული ფართობები, მიწის საკუთრებაში გადასვლა კი მათ მეტ მოტივაციასაც მისცემს. ორი კვირის წინ ეკონომიკის მინისტრმა თქვა, რომ მიწის გამოსყიდვის უფლება სულ ორი ათასამდე ფერმერს ექნება. 10 მაისისთვის 439 მოიჯარეს ქონების მართვის სააგენტოსთვის უკვე ჰქონდა მიმართული.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ორი კვირის წინ დაანონსებულ სამთავრობო პროგრამაში ფერმერების ჩართულობა ჯერ ისევ მცირეა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისის მდგომარეობით მიწის გამოსყიდვა, 25%-იანი ფასდაკლებით სახელმწიფოსგან 500-მდე ადამიანს სურს. ქონების მართვის სააგენტოში აცხადებენ, რომ განცხადებების მიღება გრძელდება.

ფერმერების პასიურობის მიზეზად სექტორული ასოციაციები მიწის მაღალ ფასს ასახელებენ. მიუხედავად 25%-იანი ფასდაკლებისა, ასოციაციები ამბობენ, რომ მიწის გამოსყიდვას ფერმერების დიდი ნაწილი ვერ შეძლებს. მიწებს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურო აფასებს - ფერმერთა ასოციაციები ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში თანხა არაადეკვატურია.

“ვფიქრობ, 500 განაცხადი არ არის საკმარისი, რადგან მსურველი ძალიან ბევრი იყო. სამცხე-ჯავახეთიდან ფერმერებისგან ვიცი, რომ ვისაც ჰქონდა იჯარით აღებული მიწა და გამოსყიდვაზე განაცხადი გააკეთეს, ფასი ისეთი მაღალია, რომ არ უღირთ.

ფასი ადეკვატური უნდა იყოს, ფერმერებს რომ დასჭირდეთ საბანკო სექტორის მხარდაჭერა, ბანკებმაც ადეკვატურად უნდა შეაფასონ. იცით დღეს როგორ სურათს ვიღებთ? ერთს აფასებს სახელმწიფო, შემდეგ მოდის ბანკის ექსპერტი და ნახევარ ფასადაც არ აფასებს”, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მომავლის ფერმერის” ხელმძღვანელი რუსუდან გიგაშვილი.

იმავეს ადასტურებენ “საქართველოს ფერმერთა ასოციაციაშიც”. ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე რატი კოჭლამაზაშვილი აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ სამხარაულის ბიურო მეთოდოლოგიას გადახედავს.

“სამხარაულის ფასები გარკვეულ შემთხვევებში არის ძალიან მაღალი და 25%-იანი ფასდაკლების მიუხედავად, ფერმერები ამბობენ, რომ ვერ შეძლებენ გადახდას. კარგი იქნება, თუ გადაიხედება სამხარაულის მეთოდოლოგია, განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც კატასტროფულად მაღალი ფასია დაფიქსირებული და ერთი თვალის შევლებითაც ჩანს, რომ არაადეკვატურია: ვსაუბრობ ისეთ შემთხვევებზე, როცა ჰექტარი 45 ათას ლარად დააფასა სამხარაულის ბიურომ, როცა ბევრად უკეთეს მიწებზე, ფასი 20 ათასი ლარი იყო. დისბალანსი მაღალია და კარგი იქნება მისი გადახედვა”, - აცხადებს რატი კოჭლამაზაშვილი.