მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ აფრიკა Moderna-ს ვაქცინის საკუთარ ვერსიას აწარმოებს

61ff7a59196b6
თათია კაკიაშვილი
07.02.22 09:30
798
სამხრეთ აფრიკის მეცნიერებმა Moderna-ს ვაქცინის ასლი შექმნეს, რაც, მათი თქმით, აფრიკას ვაქცინაციის მაჩვენებლების გაზრდაში დაეხმარება. ამჟამად კონტინენტს Covid 19 ვაქცინაციის ერთერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ახალი ვაქცინის შემქმნელ კომპანიას Afrigen Biologics-ს ჰქვია, სადაც იმედოვნებენ, რომ პრეპარატის კლინიკურ კვლევებს 2022 წლის ნოემბერში დაიწყებენ. თავად Moderna-ში აცხადებენ, რომ კეიპტაუნის მეცნიერებს საკუთარი ვაქცინის წარმოების უფლება აქვთ.

სამხრეთ აფრიკელ მეცნიერებს მხარს უჭერს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. Afrigen Biologics-ის პროგნოზით, საწყის ეტაპზე ახალი პრეპარატის მცირე რაოდენობით წარმოება იგეგმება, თუმცა მეცნიერებს აქვთ ამბიციები, რომ მალე ეს რაოდენობა გაიზარდოს.

რაც შეეხება თავად პრეპარატს, ის RNA ვაქცინის ასლია, რომელსაც ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Moderna აწარმოებს. ცნობისთვის, ამავე RNA ტექნოლოგიით არის დამზადებული Pfizer-BioNTech-ის ვაქცინაც, რომელიც Covid 19-ის წინააღმდეგ მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი პრეპარატია. ამ ტიპის ვაქცინა ადამიანის სისხლში ქმნის სპეციალურ ცილას, რომელიც ორგანიზმში ვირუსის მოხვედრის დროს, საპასუხოდ იმუნურ რეაგირებას იწვევს.

ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, აფრიკის კონტინენტზე სრულად აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 10%, ეს კი იმ ფონზე, როცა ანალოგიური მაჩვენებელი ჩრდილოეთ ამერიკაში 60%-ია, ევროპაში - 63%, ხოლო აზიაში - 61%.