მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს უდიდესი ობსერვატორიის მშენებლობა დაიწყო

6396de60ef856
გიორგი არონია
12.12.22 12:08
750
სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში მსოფლიოს ყველაზე მგრძნობიარე რადიო ტელესკოპების, Square Kilometer Array-ის (SKA) მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს. აღნიშნული ტელესკოპით, რომელიც 21-ე საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს სამეცნიერო პროექტად ითვლება, მეცნიერები სამყაროს ადრეული მდგომარეობის, ბნელი მატერიისა და სამყაროს გაფართოების მიზეზების შესწავლას შეეცდებიან. როგორც ირკვევა, პირველი კვლევების ჩატარებას მეცნიერები 2024 წელს გეგმავენ, ხოლო თავად პროექტი, ათწლეულის ბოლომდე უნდა დასრულდეს. 

აღსანიშნავია, რომ ტელესკოპის ინსტრუმენტები ორ კონტინენტზე განთავსდება: ხეების მსგავსი 131 ათასი ანტენისგან შემდგარი ქსელი, სახელწოდებით SKA-Low დასავლეთ ავსტრალიაში მოეწყობა, ხოლო 197 მიმღები თეფშისგან შემდგარი სისტემა, სახელწოდებით SKA-Mid - სამხრეთ აფრიკაში.

„აღნიშნული ობსერვატორია რადიოასტრონომიის მომავალ 50 წელიწადს განსაზღვრავს და მეცნიერებს გალაქტიკების დაბადებისა და სიკვდილის, ახალი ტიპის გრავიტაციული ტალღებისა და სამყაროს შესახებ არსებული ცოდნის გაფართოების შესაძლებლობას მოგვცემს“, - აღნიშნავს SKA-Low-ს დირექტორი, პროფესორი სარა პირსი The Guardian-თან საუბრისას. პროფესორის თქმითვე, აღნიშნული ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარე იქნება, რომ ათიათასობით სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის გარშემო მოძრავ პლანეტაზე აეროპორტის რადარის სიგნალის დაჭერას შეძლებს, რაც მეცნიერებს უცხოპლანეტელთა შესახებ ინფორმაციის მოგროვების შესაძლებლობას მისცემს.

ობსერვატორიის მშენებლობის დაწყებას ეხმიანება Curtin Institute of Radio Astronomy-ის მკვლევარი, პროფესორი დანი პრაისი, რომლის შეფასებით, აღნიშნული ტელესკოპი იმდენად მგრძნობიარეა, რომ მეცნიერებს მილიარდობით წელიწადით უკან, ე.წ. „კოსმოსური დასაწყისის“ პერიოდში ჩახედვის საშუალებას მისცემს.

„SKA იმდენად მგრძნობიარეა, რომ შეუძლია დედამიწიდან 225 მილიონი კილომეტრით დაშორებულ მარსზე მყოფი ასტრონავტის ჯიბეში არსებული მობილური ტელეფონის სიგნალი მიიღოს“, - განაცხადა პროფესორმა პრაისმა The Guardian-თან საუბრისას. „თუკი ახლომდებარე ვარსკვლავებზე ინტელექტის მქონე საზოგადოებები არსებობენ, რომლებიც ჩვენნაირ ტექნოლოგიას ფლობენ, SKA მათი რადიო და სატელეკომუნიკაციო ქსელებისგან მომავალი რადიაციის დაჭერას შეძლებს - ამგვარად, ის პირველი ტელესკოპი იქნება, რომელიც ამას შეძლებს“, - ამბობს პროფესორი დანი პრაისი.

მეცნიერების შეფასებით, Square Kilometer Array-ის პროექტი ასტრონომიის განვითარების ერთგვარი ნიშანსვეტია, რომელიც მეცნიერებას განვითარების შემდეგ ეტაპზე გადაიყვანს. „დღეს, დიდი დღეა გლობალური ასტრონომიისთვის“, - ასე გამოეხმაურა ობსერვატორიის მშენებლობის დაწყებას ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტის ასტრონომი, პროფესორი ლისა ჰარვი-სმიტი, რომელმაც დასძინა, რომ ამ პროექტზე, ოცი წლის განმავლობაში, ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა.