მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლის BP-დან SOCAR-ზე გადაცემა დასრულდა

61078f0b59e7d
BM.GE
02.08.21 10:18
2104
სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია აცხადებს, რომ 2021 წლის 1 აგვისტოს დასრულდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორის როლის გადაცემა კომპანია "ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედი"-დან კომპანია "სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედ"-ზე. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით ემსახურება. "სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი" "სოკარის" სრულ მფლობელობაში მყოფი შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა განხორციელდა მილსადენის მფლობელთა განახლებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, რომელსაც ხელი 2013 წლის დეკემბერში მოეწერა, და ის "შაჰ დენიზის" მეორე ეტაპის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტის შესახებ საბოლოო საინვესტიციო გადაწყვეტილების ნაწილია.

ხელშეკრულება უფლებას ანიჭებს სოკარს გახდეს სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მშენებლობის დასრულებიდან ერთი წლის თავზე. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტი დასრულდა 2019 წლის მარტში. ერთი წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში, "სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი", ოფიციალურად გახდა სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორი, შეთანხმებული გარდამავალი პერიოდის გათვალისწინებით.

გარდამავალი პერიოდი რომელიც დაიწყო 2020 წლის მარტში წარმატებით დასრულდა 2021 წლის ივლისში. მიუხედავად COVID-19 გამო წარმოქმნილი გამოწვევებისა BP და "სოკარი" მჭიდროდ თანამშრომლობდნენ, რათა ეფექტურად განეხორციელებინათ გარდამავალი პროცესის ყველა ასპექტი.

"სოკარის" პრეზიდენტმა, ბატონმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა: "სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის წარმატებული 6-წლიანი კომერციული ოპერატორობის შემდეგ სოკარი ახლა უკვე სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის ტექნიკური ოპერატორია. ეს კიდევ ერთი უზარმაზარი მიღწევაა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიისთვის, ექსპლუატაცია გაუწიოს საერთაშორისო გაზსადენს. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთი მთავარი მონაკვეთია სამხრეთის გაზის კორიდორის, რომლის მიზანია გაზარდოს აზერბაიჯანის გაზის ექსპორტი, მხარი დაუჭიროს ენერგო უსაფრთხოების, მიწოდების დივერსიფიცირების და დეკარბონიზაციის ამოცანებს თურქეთსა და ევროპაში. კიდევ ერთხელ მადლობა გვინდა გადავუხადოთ BP-ს შესანიშნავი პარტნიორობისა და ოპერატორობისთვის სამხრეთის გაზის კორიდორის თითოეულ სეგმენტზე“.

"სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედის" აღმასრულებელმა დირექტორმა ბატონმა ფუად მ. აჰმადოვმა განაცხადა:

„ჩვენ ვამაყობთ რომ გავხდით სამხრეთ კავკასიის მილსადენის სისტემის ტექნიკური ოპერატორი. ამავე დროს სრულად ვაცნობიერებთ თუ რა უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვეკისრება. როგორც მემკვიდრე ტექნიკური ოპერატორი, ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო მუშაობას BP-სთან და ყველა პარტნიორთან, რათა შევინარჩუნოთ უსაფრთხოების მაღალი დონე, ეფექტურობა, გარემოსდაცვითი და სოციალური შედეგები, რაც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიამ მიაღწია BP-ს ოპერატორობით. დარწმუნებულები ვართ რომ ერთად მუშაობით ჩვენ მოვუტანთ მნიშვნელოვან სარგებელს ჩვენს ქვეყნებს, აქციონერებს, თანამშრომლებს და მოსაზღვრე მოსახლეობას“.

BP-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონალურმა პრეზიდენტმა, ბატონმა გარი ჯონსმა განაცხადა: "ჩვენ მოხარული ვართ, რომ გარდამავალი პერიოდის დეტალური და ამომწურავი პროცესის დასრულების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის მილსადენის ოპერატორის როლი სოკარს წარმატებით გადაეცა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი სამხრეთის გაზის დერეფნის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც კასპიის ენერგორესურსებს ევროპულ ბაზრებს პირველად აწვდის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთად მუშაობა გავაგრძელოთ, რათა უზრუნველვყოთ მისი უსაფრთხოება, ეფექტურობა და გრძელვადიანი საიმედოობა. სოკარს მოაქვს მდიდარი გამოცდილება როგორც სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის კომერციულ ოპერატორს. და ჩვენ გვჯერა, რომ როგორც კომერციული ოპერატორი, ის კვლავ გააგრძელებს მაღალეფექტურ და კომპეტენტურ საქმიანობას. ვართ რა შაჰ-დენიზის და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის უმსხვილესი აქციონერი, ჩვენ ერთგულად ვაგრძელებთ სოკართან მუშაობას, რათა ხელი შევუწყოთ მათ ამახალი პასუხისმგებლობის საქმეში, რომელშიც უდიდეს წარმატებას ვუსურვებთ".

BP-ს აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის რეგიონის საექსპორტო მილსადენების ექსპლუატაციის მენეჯერმა, ბატონმა ელდარ გაზიევმა განაცხადა: "სამხრეთ კავკასიის მილსადენი 2006 წლიდან უსაფრთხოდ და საიმედოდ მუშაობს, რაც უმეტესწილად მილსადენის ექსპლუატაციის თანამშრომლების და მუშახელის დამსახურებაა. სწორედ ტექნიკური ოპერატორის როლის გადაცემის ამ მნიშვნელოვან დროს, მადლობა მინდა გადავუხადო მათ განსაკუთრებული ერთგულებისათვის და შესანიშნავი საქმიანობისათვის, რომლის შედეგადაც ერთიანი საექსპორტო სისტემა დღემდე უსაფრთხოდ მუშაობს. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ სოკარისთვის ოპერატორის როლის გადაცემის შემდეგ გაგრძელდება უსაფრთხო ექსპლუატაციისადმი და თანამშრომლების შესაძლებლობებისადმი ყურადღება, მისი მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად. ჩვენი ერთობლივი მუშაობა გარდამავალ პერიოდში ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. განსაკუთრებით საამაყოა რომ გარდამავალი პერიოდი უსაფრთხოდ და წარმატებით დასრულდა და რომ მას მილსადენის უსაფრთხო მუშაობისთვის ხელი არ შეუშლია. მადლობა მინდა გადავუხადო BP-ს და "სოკარის" გუნდებს შესანიშნავი მუშაობისთვის".