მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეამ 16 საერთაშორისო კრიპტო-ბირჟა აკრძალა

62ff739687f33
გიორგი თოლორდავა
19.08.22 17:53
1876
სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტოვალუტების ინდუსტრიის მიმართ პოლიტიკას ამკაცრებს - ფინანსური სერვისების მარეგულირებელმა კომისიამ, გამოძიების საფუძველზე, ქვეყნის ბაზარზე წარმოდგენილი 16 საერთაშორისო კრიპტო-ბირჟის აკრძალვის გადაწყვეტილება მიიღო.

აკრძალულ ბირჟებს შორისაა: KuCoin, MEXC, Phemex, XT.com, Bitrue, ZB.com, Bitglobal, CoinW, CoinEX, AAX, ZoomEX, Poloniex, BTCEX, BTCC, DigiFinex და Pionex.

კომისიის განმარტებით, აღნიშნულ ბირჟებს არ ჰქონდათ ქვეყანაში ოპერირებისთვის აუცილებელი ლიცენზია და მათ არ მიუმართავთ შესაბამისი უწყებებისათვის რეგისტრაციის პროცედურის სათანადოდ გასავლელად.

აღნიშნულ ბირჟებს შეეზღუდებათ სამხრეთ კორეის ინტერნეტ-სივრცესთან წვდომა და ქვეყნის მოსახლეობისთვის მომსახურების გაწევა.

მარეგულირებელი ორგანოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ არარეგისტრირებულ საქმიანობაში ჩართულ პირებს, შესაძლოა, კორეის კანონმდებლობით 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან ჯარიმა მიესაჯოთ.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სამხრეთ კორეამ კრიპტო პლატფორმებისთვის სავალდებულო გახადა ინფორმაციის უსაფრთხოების მენეჯმენტის სისტემაში (ISMS) ჩართვა და შესაბამისი სერტიფიკაციის პროცესის გავლა. აღნიშნული კანონის მიღების შემდეგ, ქვეყანაში კრიპტო-ბირჟების თითქმის ნახევარმა საქმიანობა შეწყვიტა.

მთავრობის ინფორმაციით, ამჟამად სამხრეთ კორეაში 35 რეგისტრირებული კრიპტო პლატფორმა ოპერირებს, მათ შორისაა: Upbit, Bithumb, Coinone, Korbit და Gopax.

შეგახსენებთ, რომ Terra-Luna-ს $40-მილიარდიანი კოლაფსი სამხრეთ კორეელ მეწარმე დო კვონს უკავშირდება. სწორედ ამ მოვლენის შემდეგ, მთავრობის დამოკიდებულება კრიპტო ინდუსტრიის მიმართ განსაკუთრებით გამკაცრდა.