მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეას COVID-19-ზე და სეზონურ გრიპზე მოქალაქეების შემოწმება ერთი ტესტით სურს

5f56037a6b83a
ნათია თაქთაქიშვილი
07.09.20 22:25
1238
სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ სამხრეთ კორეა ისეთი ტესტის შექმნაზე მუშაობს, რომლითაც მოქალაქეების შემოწმება COVID-19-ზე და სეზონურ გრიპზე ერთდროულად იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ CNN-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ერთობლივი ტესტის შექმნის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც სეზონური გრიპის შემთხვევები იზრდება, ხოლო კორონავირუსის და სეზონური გრიპის სიმპტომები ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი აღნიშნავს, კომბინირებული ტესტი კლინიკურ კვლევებს გადის და დამტკიცების შემთხვევაში, ერთი ნიმუშით იქნება შესაძლებელი როგორც კორონავირუსის, ასევე სეზონური ვირუსის გამოვლენა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტი მუნ ჯე ინის განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის „მეორე ტალღას“ ებრძვის, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირების საშუალო დღიური მაჩვენებელი აგვისტოში 441-ს გაუტოლდა.

„დროული და მკაცრი ზომები კორონავირუსის გავრცელების შეჩერებაში დაგვეხმარება, მათ შორის უნდა დავიცვათ სოციალური დისტანციის ნორმები“, – განაცხადა მუნ ჯე ინიმ.

ბოლო 24 საათში, სამხრეთ კორეაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 108-ით გაიზარდა და ჯამურმა რაოდენობამ 21 296 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა 336 ადამიანი.