მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამხრეთ კორეის პროკურატურამ დუ კვონს $64.5 მილიონის ღირებულების ბიტკოინი გაუყინა

63358740ebcc9
გიორგი არონია
29.09.22 16:00
845

სამხრეთ კორეის პროკურატურამ, ალგორითმული სტეიბლკოინის, TerraUSD-ის შემქმნელი კომპანიის, Terraform Labs-ის აღმასრულებელ ხელმძღვანელთან, დუ კვონთან დაკავშირებული 3313 ბიტკოინის (დაახლ. $64.5 მილიონი) გაყინვის გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ Bloomberg-ი წერს. ამერიკული გამოცემის, CoinDesk-ის ინფორმაციით, საუბარია იმ კრიპტოვალუტაზე, რომელიც დუ კვონის Luna Foundation Guard-თან (LFG) დაკავშირებული კრიპტოსაფულიდან KuCoin-ისა და OKX-ის ბირჟებზე გადაირიცხა.

კრიპტოაქტივების კვლევითი კომპანიის, CryptoQuant-ის ინფორმაციით, LFG-სთან დაკავშირებული ახალი კრიპტოსაფულე, რომლიდანაც ბირჟებზე 3310 ბიტკოინი გადაირიცხა, 15 სექტემბერს შეიქმნა. „LFG-ს საკუთრებაში არსებული ბიტკოინის ახალი მისამართების დადგენა CryptoQuant-მა გადარიცხვების კანონზომიერებებით შესწავლითა და არასაჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლო“, - ხსნიან მკვლევრები. საინტერესოა, რომ ერთი დღით ადრე, სამხრეთ კორეის პროკურატურამ დუ კვონის დაკავების ორდერი გამოსცა.

შეგახსენებთ, რომ დუ კვონს, რომელსაც გამოძიება კაპიტალის ბაზრის კანონმდებლობის უხეშ დარღვევას ედავება, ეძებს, როგორც სამხრეთ კორეის პროკურატურა, ასევე Interpol-იც. რეალურად კი, დუ კვონისა და Terraform Labs-ის სხვა თანამშრომლების საქმიანობით გამოძიება მას შემდეგ დაინტერესდა, რაც კომპანიის სტეიბლკოინების, TerraUSD-სა და Luna-ს კოლაფსმა კრიპტოვალუტების ბაზრიდან ინვესტორების $45-მილიარდიანი აქტივები გააქრო, სულ რაღაც 72 საათში. კრიპტოვალუტების კოლაფსის შემდეგ ბრალდების მხარეს აღმოჩნდნენ დაზარალებული ინვესტორებიც, რომელთაც დუ კვონი პირამიდული სქემის მოწყობაში დაადანაშაულეს.