მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სანამ ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, რუს ტურისტებს ვერ მოვემსახურებით”

61dd4e43d2dc4
მარიამ ადამია
16.01.22 11:30
11359
“სანამ ქვეყნის 20%-ზე მეტი ოკუპირებულია რუსული ჯარების მიერ, მანამდე ჩვენ რუს ტურისტებს ვერ მოვემსახურებით, ეს არის ჩვენი პრინციპი” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში”, Traffic Travel-ის ხელმძღვანელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, უმჯობესია, სტაბილურ ბაზრებზე ვაკეთოთ აქცენტირება, ვიდრე ერთ ქვეყანას მივეჯაჭვოთ და შესაბამისად, რისკებიც გავზარდოთ.

“როცა მუშაობ პოსტ-საბჭოთა სივრცის ქვეყნებზე, ეს არ ნიშნავს სტაბილურობას. ყაზახეთის მაგალითი შეგვიძლია ავიღოთ, საიდანაც უამრავი ჯავშანი გაუქმდა და ყოველთვის კარგია, როდესაც ბიზნესი არის დივერსიფიცირებული. არ შეიძლება ერთ ქვეყანაზე იყო მხოლოდ ორიენტირებული და ეს საკმაოდ მძიმედ გამოვცადეთ 2006 წელს, როდესაც ემბარგო დაგვიწესეს რუსებმა მთლიანად ქართულ პროდუქტებზე, ასევე გავრილოვის ღამის შემდეგაც იყო ფრენებზე შეზღუდვა და ამანაც აზარალა ტურისტული სექტორი,” - განაცხადა ცოტნე ჯაფარიძემ.

რაც შეეხება ჯავშნებს, ჯაფარიძის თქმით, ტურისტების ქცევა შეცვლილია და დაჯავშნა როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე უცხოელი სტუმრების მხრიდანაც ხდება სულ ბოლო მომენტში.

“ამ დროისთვის, მინიმალური ჯავშნები არის, მაგრამ რეალურად, ზამთრის სეზონზე უფრო მეტი ჯავშანი მაგალითად ღვინის ტურებზე შემოდის, ვიდრე მთის კურორტებზე, ხოლო თუ თოვლი მოვიდა, თებერვლიდან სავარაუდოდ ნაკადიც გააქტიურდება” - განაცხადა Traffic Travel-ის ხელმძღვანელმა.