მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანდრო ჭუმბურიძე: არ ვიცით, მთავრობა რას სთავაზობს ინვესტორებს, ასეთ პაკეტს არ ვიცნობ

5ec4cf50baf59
ინგა მურუსიძე
20.05.20 19:30
1584
"60 ელჩს მივცეთ დავალება - აბა, ახლა მოვიყვანოთ ტურისტები, ასე არ ხდება; უნდა იყოს მკაფიოდ და ძალიან ზედმიწევნით, ზუსტად გაწერილი ინსტრუქცია, რომელსაც ისინი შეასრულებენ", - ამის შესხებ bm.ge-ის საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს საბჭოს ხელმძღვანელმა სანდრო ჭუმბურიძემ განუცხადა.

ის პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და ეკონომიკური გუნდის ელჩებთან ვიდეო-შეხვედრას და იმ დავალებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, ქართველმა დიპლომატებმა ადგილსამყოფელ ქვეყნებში საქართველოს - როგორც covid-უსაფრთხო ქვეყნის პოპულარიზაცია უნდა მოახდინო.  

"ჩვენ გვყავს განსაკუთრებულად მომზადებული ელჩები, კვალიფიციური დიპლომატიური კორპუსი და ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა ამ პროცესში. მინდა, ერთი რამ ხაზგასმით ვთქვა - ელჩს აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია როგორ ინსტრუქციას მიიღებს, როგორ იქნება ეს პაკეტი მომზადებული, ასევე, რა იქნება ამ პაკეტში ჩაწერილი. ჩვენ ვამბობთ, რომ ტურიზმი უნდა გაიხსნას დიდი სიფრთხილით. კი ბატონო, ჩვენ ვართ კოვიდ უსაფრთხო, მაგრამ თუ ჩამოვიყვანთ ტურისტებს, რომლებიც კოვიდ საფრთხეს შეუქმნიან ქვეყანას, მაშინ ეს ძალიან ცუდი იქნება. უნდა იყოს დაწერილი როგორ არის მომზადებული ჰოსპიტალური სექტორი და ასევე ის, თუ როგორ, რა რაოდენობით და რომელი ქვეყნიდან გავზრდით ტურისტების რიცხვს. ეს უნდა იყოს გაწერილი. ის, რომ ჩვენი ქვეყნის 60 ელჩს მივცეთ დავალებები - აბა, ახლა ჩამოვიყვანოთ ტურისტები, ასე არ ხდება, ეს უნდა იყოს მკაფიოდ და ძალიან ზედმიწევნით გაწერილი ინსტრუქცია. დარწმუნებული ვარ, ისინი ამ ინსტრუქციას შეასრულებენ იმ დონეზე, როგორც ჩვენი საელჩოები ტრადიციულად ასრულებენ დავალებებს", - განაცხადა ჭუმბურიძემ.

რაც შეეხება ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით დიპლომატების როლს, ამ შემთხვევაშიც ყოფილ დიპლომატს მიაჩნია, რომ  ზუსტი ინსტრუქციების მიცემა უმნიშვნელოვანესია.

„რა თქმა უნდა, ინვესტორების მოზიდვა კარგია, ეს არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ელჩებს უნდა ჰქონდეთ ზუსტი ინსტრუქცია და წინადადებების პაკეტი - ამის გარეშე ყველა დავალება იქნება ფიქცია და ვერ შესრულდება; როცა ელჩი მიდის თავის ადგილსამყოფელ ქვეყანაში შეხვედრაზე და ეუბნება კოლეგებს, რომ დაარწმუნონ თავისი მოქალაქეები საქართველოს მიმზიდველობაში, მას ხელში უნდა ეჭიროს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი პაკეტი, თუ რას სთავაზობს ინვესტორს, რითი ვართ ჩვენ საინტერესო და მიმზიდველი", - აცხადებს ჭუმბურიძე.

bm.ge-ის კითხვაზე - აქვს თუ არა საქართველოს დღეს ინვესტორებისთვის მიმზიდველი საინვესტიციო პაკეტები, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ის ასეთ პაკეტს არ იცნობს.

"მე ასეთ პაკეტს არ ვიცნობ. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის პაკეტი ჩვენ არ მიგვიღია, თუ რას სთავაზობენ ინვესტორებს. შეიძლება სიტყვიერი გამოსვლები იყო, მაგრამ ეს სხვა თემაა", - აღნიშნა მან.