მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სანებართვო პირობები ძალიან მარტივია“- რას შეცვლის „სელექტიური კონტრაქტირება“ და სავალდებულო აკრედიტაციის შემოღება?

63ef3946b8901
ელენე გოგბერაშვილი
18.02.23 00:05
891
სელექტიური კონტრაქტირება საქართველოში 2017 წლიდან ამოქმედდა და პირველ ეტაპზე სამშობიაროებს შეეხო. ეს მექანიზმი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სერვისის მიმწოდებელი საავადმყოფოების შერჩევას გულისხმობს. ჰოსპიტლების შერჩევისას გათვალისწინებული უნდა იყოს საწოლფონდის საჭირო მოცულობა, ხარისხობრივი ინდიკატორები, კერძოდ – მრავალპროფილური და მაღალტექნოლოგიური სერვისების მიწოდების შესაძლებლობები და სხვა. სელექტიური კონტრაქტირება სამშობიაროების შემდეგ სხვა პროფილის სამედიცინო დაწესებულებებზეც უნდა გავრცელებულიყო, თუმცა დღემდე ამ მოდელის დაფარვის არეალი არ გაფართოებულა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე დაანონსა, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან, სამედიცინო დაწესებულებებისთვის, საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაცია სავალდებულო გახდება, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის იქნება სავალდებულო. საუბარია მომსახურების ხარისხის, პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის სტანდარტებზე. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებები ინდივიდუალურად შეძლებენ, სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ, აკრედიტაციის განმახორციელებელ ორგანიზაციებს შორის, უკვე დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით, ინდივიდუალურად გააკეთონ არჩევანი.

„სელექტიური კონტრაქტირებისა“ და „საერთაშორისო აკრედიტაციის“ მნიშვნელობაზე გადაცემა რედაქტ2-ში ჯანდაცვის სპეციალისტმა აკაკი ზოიძემ ისაუბრა.

“აკრედიტაცია და სელექტიური კონტრაქტირება ორივე ხარისხს და შედეგზე ორიენტირებულ დაფინანსებას უზრუნველყოფს. მინიმალურ თამასას აკრედიტაცია გაავლებს. სანებართვო პირობები ძალიან მარტივია და ამბულატორიული დაწესებულებებისთვის საერთოდ არ არის სანებართვო პირობები საჭირო.

თავი რომ დავანებოთ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, პაციენტის უსაფრთხოების ზღვარიც კი არ არის დაცული. როდესაც ახალი დაწესებულებები იწყებს საქმიანობას, განსაკუთრებით ამბულატორიულ დაწესებულებებზეა საუბარი , იქაც შემოსატანია სტანდარტები, რადგან ნებართვები ძალიან რბილია, მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში მთელი რიგი სტანდარტებია დასაკმაყოფილებელი, რომ შენ სამედიცინო მომსახურების უფლება მიიღო. ამ შემთხვევაში აკრედიტაცია ამას ჩაანაცვლებს.

მნიშვნელოვანია, რომ მხოლოდ სერიოზული ორგანიზაციები იყოს შერჩეული ამისათვის, როგორც იყო ამაზე საუბარი და არა ხელოვნურად შექმნილი, ვიღაცის ეზოში გაკეთებული „სააკრედიტაციო ორგანიზაციები“,- აცხადებს აკაკი ზოიძე.

მისი თქმით, საერთაშორისო აკრედიტაციის ქონის ვალდებულება მთელ რიგ პრობლემებს მოაგვარებს, მაგრამ მნიშვნელოვანია „სელექტიური კონტრაქტირებაც“, რამაც მთელი რიგი რისკები უნდა გადააზღვიოს.

„კი ბატონო, აკრედიტაცია გაქვს და მე, როგორც შემსყიდველი, სახელმწიფო გიხდი ფულს მომსახურებაში. შენ შეიძლება დააკმაყოფილო აკრედიტაციის მოთხოვნები, მაგრამ ავადმყოფს შეიძლება ექცევი ცუდად, ან დროზე ადრე გაუშვი, ან პრობლემები შეუქმენი. „სელექტიური კონტრაქტის“ იდეა ის არის, რომ უნდა მივიღო შედეგი, გამოსავალი, გამოჯანმრთელება, ნაკლები სიკვდილიანობა, ნაკლები გართულებები. პერსონალი უნდა იყოს ნორმალურად ანაზღაურებული, მხოლოდ მინიმალური ხელფასის დაწესება არ არის საკმარისი“,-ამბობს ზოიძე.

ჯანდაცვის სპეციალისტი ჯანდაცვის უწყების შესაბამისი სამსახურების შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მხოლოდ პაციენტის ისტორიის შემოწმება არ ნიშნავს კლინიკის მხრიდან გაწეული მომსახურების ხარისხის გაკონტროლებას.

„სხვანაირად ხდება ამის გაკონტროლება. არსებობს შედეგიანობის გასაზომი ინდიკატორები. ეს ყველაფერი არის ანგარიშგების ჩარჩო, რომელიც საკონტრაქტო ურთიერთობებით უნდა იქნას გამყარებული. ის, ვინც ვერ შეასრულებს გამოვარდება ამ სისტემიდან.

ამას სჭირდება შემსყიდველ ორგანიზაციაში შესაძლებლობების განვითარება. ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოში უნდა იყოს არამხოლოდ ბიუროკრატები, რომლებიც უბრალოდ ამოწმებენ დაწესებულებებს და მერე რეგულირების სააგენტო შედის და ამოწმებს ისტორიაში რომელ საათზე შევიდა პაციენტი და არ შევიდა. ეს არ არის სამედიცინო ხარისხის შემოწმება, სამედიცინო ხარისხის რეალური აუდიტი სხვანაირად ხდება და იქ სჭირდება სხვანაირი სპეციალისტები, სხვანაირი ინფორმაციული სისტემები და ეს უნდა გაკეთდეს და ეს არის ძალიან საშური“,-განმარტავს აკაკი ზოიძე.