მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციები არ დარღვეულა, მაგრამ შიდა კონტროლის საკითხებზე შენიშვნა გვქონია - ლეჟავა ბანკებზე

64771515160de
მარიამ ვარადაშვილი
31.05.23 14:08
589
სტატიაში საუბარია:
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავა აცხადებს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი შეერთებულია აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის სანქციებს. ასე უპასუხა მან BMG-ის ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ეხებოდა მთავრობის წევრების განცხადებას, რომ საქართველო სანქციებს არ შეურთდება. პაპუნა ლეჟავამ კითხვაზე პირდაპირი პასუხისგან თავი შეიკავა და თქვა, რომ საქართველოს რუსეთისთვის სანქციები დაწესებული არ აქვს, თუმცა ფინანსური სექტორი შეერთებულია ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებს. 

“სანქციების დაწესების პირველივე დღიდან ფინანსურ სექტორს მოვუწოდეთ და დავავალეთ, რომ დაეცვათ ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციები. ამის კონტროლი ძალიან მკაცრად ხდება. მოგეხსენებათ, ეროვნულ ბანკში სპეციალური ქვედანაყოფი შევქმენით, რომელიც სანქციების მონიტორინგზეა ორიენტირებული. ამ ეტაპზე სანქციის დარღვევის ფაქტი არ გამოვლენილა, თუმცა შიდა პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული შენიშვნები გვქონია. შენიშვნებიც გაგვიცია და ჯარიმებიც დაგვიწესებია... თუ დავინახავთ ბანკების მხრიდან სანქციების დარღვევის მცდელობასაც კი, ამაზე ეროვნულ ბანკს უმკაცრესი რეაგირება ექნება",-ამბობს ლეჟავა.

მისივე ინფორმაციით, სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საფინანსო ინსტიტუტებს გარკვეული სახის დარღვევები ჰქონდათ, რაც ძირითადად შიდა კონტროლს უკავშირდება.

“მაისის მდგომარეობით, დაჯარიმებული გვყვავს 154 საფინანსო ინსტიტუტი, აქ შედის 144 სავალუტო პუნქტი, ასევე საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, სამი მიკროსაფინანსო, სამი ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორი და სამი კომერციული ბანკი. რაც შეეხება დარღვევების შინაარს, აქ საუბარია პროგრამების გაუმართაობაზე, საყურადღებო და საეჭვო ტრანზაქციების გამოვლენის მეთოდებზე და სხვა. ხშირ შემთხვევაში არ ყოფილა კონტროლის მექანიზმები სათანადო დონეზე შემუშავებული. თავად სანქციების დარღვევის ფაქტი ჩვენ არ გამოგვივლენია, მაგრამ შიდა კონტროლის საკითხებზე შენიშვნა გვქონია",-ამბობს ის.