მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციები და ქართული საფინანსო სისტემა - გვენეტაძე ჰარცელს შეხვდა

622b4aea99787
BM.GE
11.03.22 17:33
1596
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს შეხვდა.

სებ-ის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეკონომიკურ შედეგებსა და გამოწვევებს ასევე საერთაშორისო სანქციებს და მათ შესაბამისად ქართულ საფინანსო სისტემაში გატარებულ ცვლილებებს. 

"კობა გვენეტაძემ ელჩს ეროვნული ბანკის მიერ გადადგმული ნაბიჯები გააცნო. კარლ ჰარცელს მიეწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საქართველოს საფინანსო სექტორში რუსული ბანკების მიმართ დაწესებული საერთაშორისო ფინანსური სანქციების შესაბამისად გატარდა.

კობა გვენეტაძემ განაცხადა, რომ სებ - ის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ფინანსურმა სექტორმა პანდემიით გამოწვეული შოკის საკმაოდ მძიმე ფაზა წარმატებით განვლო და რეგიონში შექმნილი ვითარებიდან მომდინარე პოტენციურ საფრთხეებს კაპიტალისა და ლიკვიდობის სოლიდური ბუფერებით ხვდება.

ამასთან, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის მნიშვნელობას და ამ თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივებზეც ისაუბრეს,"- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა ქართულ საბანკო სისტემაში VTB ბანკს უკავშირდებოდა. ბანკმა საცალო სადეპოზიტო და საკრედიტო პორტფელი "ბაზისბანკს" გადასცა SME პორტფელი კი "ლიბერთი ბანკს".

სანქციების შესაბამისად, ქართულ საბანკო სისტემაში რუსული Visa და Mastercard ბარათების მოქმედებაც შეჩერდა.