მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გამო, რუსული ნავთობის ფასი 52 დოლარამდე შემცირდა

6392dec87caa6
გიორგი თოლორდავა
09.12.22 11:11
1152
საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე რუსული ნავთობის ბენჩმარკის, Urals-ის მკვეთრი გაუფასურების ტენდენცია გრძელდება. გასულ 24 საათში ბარელი რუსული ნავთობის ფასი დამატებით 4%-ით, 52-დოლარიან ნიშნულამდე შემცირდა.

შედარებისთვის, ბარელი Brent-ის ფასი 76-დოლარიან ნიშნულზეა, WTI კი 72 დოლარად ივაჭრება. 

რუსული ნავთობის გაუფასურება პირდაპირ კავშირშია "დიდი შვიდეულის" წევრი სახელმწიფოების მიერ ფასის 60-დოლარიანი ლიმიტის დაწესებასთან და 5 დეკემბრის შემდეგ ევროკავშირში საზღვაო გზით გადაზიდვად ნავთობზე ემბარგოს დაწესებასთან.

აღნიშნული სანქციები იმას გულისხმობს, რომ მოსკოვი ევროკავშირის ბაზარზე ნავთობს ვეღარ გაყიდის, G7-ის წევრ ქვეყნებში კი ბარელ Urals-ზე 60 დოლარზე მეტს ვერავინ გადაიხდის. გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ში, ბრიტანეთში, კანადაში, იაპონიასა და ავსტრალიაში საზღვაო გზით რუსული ნავთობის იმპორტი ისედაც აკრძალულია, შესაბამისად, ფასის ლიმიტის მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს და რუსეთს დასავლეთის ბაზარი ფაქტობრივად ისედაც დაკარგული აქვს.

აქვე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ოფიციალური კრემლი ფასის ლიმიტის დამწესებელ სახელმწიფოებს ნავთობის მიწოდების შეწყვეტითაც ემუქრება, თუმცა ამ მუქარის აღსრულებას ბირჟაზე რეალური გავლენა ვერ ექნება, რადგან G7-ის წევრ ქვეყნებს ისედაც შეწყვეტილი აქვთ Urals-ის იმპორტი.

დასავლური ბაზრების დაკარგვის შემდეგ, რუსეთს ძირითად სავაჭრო პარტნიორებად ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი რჩება, რომლებიც ბარელ Urals-ში 60 დოლარზე გაცილებით უფრო იაფის გადახდას აპირებენ.