მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გამო, შესაძლოა, VEON-ს რუსეთში კავშირგაბმულობის გაფართოების შეჩერება მოუწიოს

62f24a9a0808d
გიორგი თოლორდავა
09.08.22 20:10
883
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისა და დასავლეთის მიერ სანქციების დაწესების შემდეგ, რეგიონის ერთ-ერთი უმსხვილესი სატელეკომუნიკაციო კომპანია Veon-ი რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. არსებული ვითარების გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა, კომპანიას რუსეთის მასშტაბით კავშირგაბმულობის ქსელის გაფართოების შეჩერება მოუწიოს.

Veon-ის გენერალური დირექტორის კაან თერზიოღლუს განცხადებით, საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთში სატელეკომუნიკაციო მოწყობილობებისა და დანადგარების იმპორტი შეზღუდულია, რის გამოც კავშირგაბმულობის მოდერნიზაციის პროექტი შეჩერების საფრთხის წინაშეა.

„ჩვენი ქსელი რუსეთის მასშტაბით ყველაზე თანამედროვეა და მისი მოდერნიზაციის პროცესი ბოლო ორი წლის განმავლობაში განსაკუთრებით აქტიურად მიმდინარეობს. ეჭვგარეშეა, რომ ქსელის გაფართოების ტემპი შენელდება და არსებობს იმის რისკიც, რომ პროცესი საერთოდ შეჩერდეს“, - განაცხადა თერზიოღლუმ.

აღნიშნული კომპანია VimpelCom-ის სახელით მოსკოვში 1992 წელს დაფუძნდა, თუმცა ამჟამად Veon-ის სათავო ოფისი ამსტერდამშია განთავსებული. საგულისხმოა, რომ Veon-ის 47.9%-იან წილს საინვესტიციო ჰოლდინგი LetterOne ფლობს, რომლის დამფუძნებელიც რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანია, რომელიც, თავის მხრივ, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია.

გასათვალისწინებელია, რომ 2023 წლის თებერვალსა და აპრილში კომპანია Veon-ს $1.2-მილიარდიანი ობლიგაცია აქვს დასაფარი. კომპანიის წარმომადგენლობის განმარტებით, Djezzy-ს გაყიდვიდან მიღებულ 682 მილიონ დოლარს მენეჯმენტი ვალის ნაწილის დასაფარად გამოიყენებს, დარჩენილი ნაწილი კი დივიდენდებიდან და შვილობილი კომპანიებიდან მიღებული შემოსავლებით დაიფარება.