მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების რა რეჟიმი მოქმედებს რუსულ ნავთობზე და რა მოთხოვნები ვრცელდება საქართველოზე?

62c443d704bc7
BM.GE
05.07.22 19:48
1012
საქართველომ 27 ივნისს, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდი ESEN KA ბათუმის პორტიდან გააბრუნა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა ამავე დღეს გამოაქვეყნა განცხადება, რომლის მიხედვითაც, გემზე არსებული ნავთობი თურქეთისთვის იყო განკუთვნილი, თუმცა ამ ტვირის წარმომვლობა დაკავშირებული იყო სანქცირებულ კომპანიასთან, რის გამოც საქართველომ ტვირთის მიღებაზე უარი თქვა.

BMG-ისთვის ცნობილი გახდა, რომ ამ ტვირთებს ოპერირებას საერთაშორისო ლოგისტიკური კომპანია Tepco უწევდა,
რომელსაც საქართველოს მიღებულ გადაწყვეტილებაზე კითხვები აქვს. კომპანიის მიერ დაქირავებული საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შეფასების თანახმად, ევროკავშირში მოქმედი სანქციების რეჟიმი არც საქართველოს, არც სომხეთს და არც თურქეთს არ უკრძალავს რუსული ნავთობპროდუქტების შესყიდვას. 

შეფასების მიხედვით, მესამე ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები, არ ეკრძალებათ ტრანზიტით გაატარონ ან მიიღონ რუსული ნავთობპროდუქტები, მათ შორის კომპანია "როსნეფტის" ნავთობპროდუქტები. ამასთანავე, თავად ევროკავშირში მოქმედებს გამონაკლისი რეჟიმი და 2023 წლის 5 თებერვლამდე EU-ს კონკრეტულ სახელმწიფოებს შეუძლიათ შეიძინონ რუსული ნავთობი.

იურიდიული კომპანიის მიერ TEPCO-სთვის მომზადებულ პასუხში სანქციების რეჟიმი ამგვარად არის განმარტებული:

1. რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი საქართველოს, სომხეთსა და თურქეთში

დღეს მოქმედი ევროკავშირის სანქციური რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებზე, ევროკავშირის მოქალაქეებსა და ისეთ პირებზე, რომლებიც საქმიანობენ ევროკავშირში (მუხლი13, EU Regulation 833/2014). შესაბამისად, რუსეთთან დაკავშირებული ევროკავშირის სანქციური რეგულაციები არ უწესებს შეზღუდვას ნებისმიერ სხვა პირს (იქნება ეს თურქული, ქართული თუ სხვა ქვეყნის კომპანია/მოქალაქე ფიზიკური პირი) განახორციელოს ტრანზაქცია რუსულ ან მესამე ქვეყნის კომპანიასთან (მათ შორის როსნეფტთან) რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტების შეძენასთან დაკავშირებით, საქართველოს, სომხეთის და თურქეთის მიმართულებით მათი შემდგომი იმპორტის მიზნით. ანალოგიურად, ევროკავშირის სანქციები არ კრძალავს რუსული, მათ შორის "როსნეფტის" წარმოებული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების საქართველოს ტერიტორიის გავლით ტრანზიტს, შენახვას და/ან გადაზიდვას სომხეთსა და თურქეთში იმპორტის მიზნით, იმ დათქმით, რომ ასეთი ტიპის ტრანზაქციები ხორციელდება ევროკავშირის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ და მასში არ მონაწილეობენ ევროკავშირში რეგისტრირებული პირები და ევროკავშირის მოქალაქეები.

აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები კრძალავს რუსული, მათ შორის "როსნეფტის" წარმოშობის ნავთობპროდუქტების იმპორტს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებში. შესაბამისად, აღნიშნული სანქციური რეჟიმი არ უზღუდავს როგორც აშშ-ის კომპანიას/მოქალაქეს, ისე ნებისმიერი სხვა ქვეყნის პირს რუსული წარმოშობის ნავთობპროდუქტების შეძენას, გადაზიდვას და იმპორტს აშშ-ის გარეთ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, იქნება ეს საქართველო, სომხეთი თუ თურქეთი.

რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ამჟამად ქვეყანა ზოგადად არ ზღუდავს რუსული წარმოშობის (მათ შორის როსნეფტის) ნავთოპროდუქტებით ვაჭრობას.

2. რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში

მართალია, ევროკავშირის სანქციების მე-5 პაკეტით დაწესდა ტრანზაქციული აკრძალვა "როსნეფტის" ნავთობკომპანიასთან, თუმცა პირდაპირი გამონაკლისი იქნა დაშვებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებით ვაჭრობის თაობაზე. გამონაკლისი გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში რეგისტრირებულ პირებს და ევროკავშირის მოქალაქეებს უფლება აქვთ გარიგება დადონ "როსნეფტთან" მათ მიერ წარმოებული ნავთობისა და ნავთოპროდუქტების ევროკავშირში იმპორტის მიზნით (მუხლი 5aa(3), EU Regulation 833/2014). ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტით კი დადგინდა დროითი შეზღუდვა ზოგადად რუსული ნავთობისა და ნავთოპროდუქტებით ვაჭრობასთან დაკავშირებით (მუხლი 3m, EU Regulation 833/2014). კერძოდ, გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ევროკავშირში რეგისტრირებულ კომპანიებს (მოქალაქეებს) ნებადართული აქვთ განახორციელონ რუსული (მათ შორის როსნეფტის) ნავთოპროდუქტების იმპორტი ევროკავშირში 2023 წლის 5 თებერვლამდე (გამონაკლის სახით, ქვეყნებში რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული რუსულ ნავთობპროდუქტებზე, დასაშვებია ამ ვადის გაგრძელებაც),” - ნათქვამია იურიდიულ შეფასებაში.