მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების თავიდან არიდების მცდელობის საკითხს მთავრობა სერიოზულად უნდა მიუდგეს - დეგნანი

62bbf30192721
გიორგი თოლორდავა
29.06.22 10:39
845
ბათუმის ნავსადგურიდან სანქცირებული რუსული ნავთობით დატვირთული გემის გაძევების საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სანქციების თავიდან არიდების საკითხს საქართველოს მთავრობა მაქსიმალური სერიოზულობითა და ყურადღებით უნდა მიუდგეს.

უშუალოდ გემთან დაკავშირებით კი ელჩმა აღნიშნა, რომ ამ საკითხს აშშ აქტიურად სწავლობს და ამ მიმართულებით მონიტორინგი მუდმივად მიმდინარეობს.

„ჩვენ ამ საკითხს ნამდვილად ყურადღებით ვაკვირდებით; აშშ ამ მიმართულებით ყველგან აწარმოებს მონიტორინგს. ამ საკითხზე აქტიურად ვმუშაობთ სახელმწიფო უწყებებთან, შემოსავლების სამსახურთან და საბაჟოებთან.

უმნიშვნელოვანესია, რომ ამ საკითხს საქართველოს მთავრობა სერიოზულად მიუდგეს. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სანქციების თავიდან არიდების ნებისმიერ მცდელობას და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ სანქცირებული რუსული ტვირთით დატვირთული, თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი "ესენკა" ბათუმის პორტში შევიდა. "მთავარი არხის" თანახმად, გემი რუსული სანქცირებული კომპანიის "როსნეფტის", 30 000 ტონამდე ნავთობპროდუქტით იყო დატვირთული. მოგვიანებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიასთან თქვა, რომ სანქცირებული ნავთობპროდუქტებით დატვირთული გემი ბათუმის პორტში ტვირთის დაცლის უფლება არ მიეცემოდა. 27 ივნისსვე ფინანსთა სამინისტრომ  გაავრცელა განცხადება, რომ საქართველომ სანქცირებული ნავთობით დატვირთული ტანკერი უკან გააბრუნა.