მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას EU-ში შესვლის პერსპექტივა გაუქრებოდა - კობახიძე

621fa1abbc994
თამთა ჯიჯავაძე
02.03.22 20:54
982
სანქციებითა და ომით დამძიმებულ ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა სრულად გაუქრებოდა, - ამის შესახებ ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების დაკავშირება სანქციებთან ან ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვასთან ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. პირიქით, ეკონომიკურად სუსტი და მოწყვლადი ქვეყანა ევროკავშირში არავის ჭირდება“, - აღნიშნა მან.

მისივე თქმით, როგორც სანქციების დაწესება, ისე სამხედრო კონფლიქტში საქართველოს რაიმე ფორმით ჩართვა უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისთვის.

„2024 წელს, როგორც ეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამით იყო გათვალისწინებული, ძლიერი, ახალი რეფორმებით ზურგგამაგრებული განაცხადის შეტანას ექნებოდა მრავალი უპირატესობა განაცხადის ნაჩქარევ შეტანასთან შედარებით. თუმცა, საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაუყოვნებლივ წარადგინოს.

საქართველოს მთავრობა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაჩქარებული წესით უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს საქართველოს ხელისუფლების სახელით ხვალ ოფიციალურად წარედგინება.
მოვუწოდებთ ევროკავშირის სტრუქტურებს, საგანგებო რეჟიმში განიხილონ ჩვენი განაცხადი და მიიღონ გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - განაცხადა კობახიძემ.