მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქცირებული რუსი ოლიგარქის $75-მილიონიანი სუპერიახტა აუქციონზე გაიყიდება

6300f67301497
გიორგი თოლორდავა
20.08.22 19:00
1227
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ პირველად - სანქცირებული რუსი ოლიგარქის, დიმიტრი პუმპიანსკის 75 მილიონ დოლარად შეფასებულ სუპერიახტას აუქციონზე გასაყიდად გაიტანენ.

BBC-ის ინფორმაციით, 72.5 მეტრის სიგრძის „აქსიომას“ გაყიდვა პირდაპირ კავშირშია პუმპიანსკის სანქცირებასთან და ამერიკული ბანკის JPMorgan Chase-ის წინაშე მის $20-მილიონიან ვალთან, რომლის დაფარვასაც ამჟამად ის ვერ ახერხებს.

აუქციონი მხოლოდ ერთი დღე გაგრძელდება და, სავარაუდოდ, სუპერიახტა რეალურ საბაზრო ფასზე გაცილებით უფრო იაფად გაიყიდება, აუქციონიდან მიღებულ თანხას ვალის დასაფარად JPMorgan-ი მიიღებს.

„აქსიომა“ 20 მგზავრზეა გათვლილი და ის 6 კაბინითაა აღჭურვილი, სუპერიახტას საკუთარი აუზი, ჯაკუზი, სპა, 3D კინოთეატრი და ყვინთვისთვის აუცილებელი აღჭურვილობა გააჩნია. სუპერიახტა მისი მფლობელის სანქცირებიდან რამდენიმე დღეში, გიბრალტართან დააყადაღეს.

58 წლის პუმპიანსკის ქონება 2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, ის Gazprom-ის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი კომპანიის - OAO TMK-ის მფლობელია. კრემლის ელიტასთან არსებული კავშირების გამო, პუმპიანსკი ევროკავშირის, აშშ-ის და გაერთიანებული სამეფოს მიერ სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია მოხვედრილი.