მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოფისე საქმიანობას შრომის უსაფრთხოების ექსპერტი არ სჭირდება - ბიზნეს ასოციაცია

6140da3d1be5e
ანუკა ჯოხაძე
14.09.21 22:40
670
2019 წლიდან კომპანიებს შრომის უსაფრთხოების თანამშრომლის ყოლის ვალდებულება აქვთ. უფრო კონკრეტულად დამსაქმებელს, რომელსაც 20 ან ნაკლები დასაქმებული ჰყავს, შეუძლია პირადად შეასრულოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობები, თუმცა იმ პირობით, თუ მას გავლილი ექნება აკრედიტებული პროგრამა. თუ დამსაქმებელს 20-დან 100-მდე დასაქმებული ჰყავს, იგი ვალდებულია ჰყავდეს არანაკლებ ერთი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო 100 ან მეტი დასაქმებულის შემთხვევაში უნდა შეიქმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც შრომის უსაფრთხოების არანაკლებ ორი სპეციალისტით იქნება დაკომპლექტებული.

ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი აცხადებს, რომ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ყოლის ვალდებულება ყველა კომპანიაზე ერთნაირად არ უნდა ვრცელდებოდეს. მისი თქმით, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ იმ კომპანიებს უნდა ჰქონდეთ, ვისი სამუშაოც დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან. 

“არის კომპანიები, რომელთა საქმიანობები დაკავშირებულია მძიმე, მავნე და საშიშ პირობებთან, ამ შემთხვევაში შრომის უსაფრთხოების ყოლის ვალდებულება უნდა არსებობდეს და ამ მიმართულებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. მეორე მიმართულება არის ის კომპანიები, რომელთა საქმიანობაც რისკის შემცველი არ არის. ეს არის საოფისე საქმიანობა, საცალო გაყიდვები თუ ა.შ. აქ მოთხოვნა შრომის უსაფრთხოების ექსპერტებზე გაჩნდა ხელოვნურად. ამ შემთხვევაში ეს ვალდებულება უნდა გაუქმდეს.”-აცხადებს ბიზნეს ასოციაციის იურიდიული დირექტორი ნიკა ნანუაშვილი.