მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საოპერაციო ეფექტიანობის მარჟის 3 სეგმენტი - SavvY-ის კვლევის შედეგები

5e57eafe1dff9
ნუცა ბაზლიძე
27.02.20 21:12
1244
სექტორში ახალი რეგულაციების ეფექტი მთლიანად რომ გამოვრიცხოთ, დღეის მდგომარეობით, ისედაც ძალიან ბევრი სამუშაოა იმ კუთხით, რომ გაუმჯობესდეს აქტივების მართვა და კომპანიის მომგებიანობის კონტროლიც - ამის შესახებ SavvY-ის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ გადაცემა „საქმიანი დილის“ ახალ რუბრიკაში - „ბიზნეს ტენდენციები მარიამ ქოიავასთან ერთად“ საუბრისას განაცხადა.

გადაცემაში საუბრისას ქოიავამ SavvY-ის მიერ სამედიცინო სექტორის ფინანსური მონაცემების თვალსაზრისით ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, კვლევა ბოლო 3 წლის სტატისტიკას მოიცავს და მასზე მუშაობა იქამდე დაიწყო, სანამ ჯანდაცვის სექტორში ახალი რეგულაციების საკითხი კრიტიკული იქნებოდა. კვლევის ფარგლებში, ფუნდამენტური ანალიზის მიდგომით, 171 კომპანია გაანალიზდა.

კვლევის ერთ-ერთ მიგნებად მარიამ ქოიავამ საოპერაციო ეფექტიანობის მარჟის საკითხი გამოყო. აღნიშნული მახასიათებელი გულისხმობს კოეფიციენტს, რომელიც 2 სხვადასხვა კოეფიციენტის შეჯერებით დგება. ესენია: საოპერაციო მომგებიანობის მარჟა და აქტივების ბრუნვის კოეფიციენტი. ეს ასახავს თუ რამდენად ეფექტურად მართავს კომპანია ხელთ არსებულ აქტივებს და რამდენად მომგებიანია ის საოპერაციო კუთხით.

როგორც მარიამ ქოიავა განმარტავს, საოპერაციო ეფექტიანობის კუთხით, 3 სეგმენტი გამოიყო.

1)საშუალო ზღვარი სამედიცინო სექტორში - დადგინდა, რომ საშუალო საოპერაციო ეფექტიანობა სამედიცინო სექტორის არის 7%, რაც საკმაოდ ჩამორჩება გარკვეულ მიმართულებებს, მაგალითად, წარმოებისა და ტურიზმის ნაწილს.

ამასთან, მარიამ ქოიავამ აღნიშნა, რომ საოპერაციო ეფექტიანობის მარჟა არ მოიცავს კომპანიის სესხით დატვირთულობის ტვირთს. მისივე განმარტებით, კვლევის მიხედვით, გაანალიზებული კომპანიების 71%-ს სესხი 7%-შიც რომ ჰქონდეს აღებული, ლიკვიდურობის კუთხით ძალიან გაუჭირდება და შესაძლოა, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფინანსური პრობლემები შეექმნას.

2)შუა სეგმენტი - მოიცავს კომპანიების დაახლოებით 16%-ს, ამ შემთხვევაში, ეფექტიანობა 7%-14% ფარგლებში ფიქსირდება, რაც ქოივას განმარტებით, დაბალი რიცხვობრივი მაჩვენებელია.

3)ზედა ზღვარი - 14%-ზე მაღალი მაჩვენებელი აღენიშნება სამედიცინო სექტორში მოღვაწე კომპანიების მხოლოდ 13%-ს.

ამასთან, მარიამ ქოიავა დასძენს, რომ კვლევა რეგულაციების ეფექტს არ ასახავს, თუმცა მისივე განმარტებით, ნათელია, რომ რეგულაციები ლიკვიდურობის პოზიციაზე კიდევ უფრო ნეგატიურად იმოქმედებს.

„შესაძლებელია, ნაკლები ფულადი ნაკადები მიიღონ, ან მათი მიღების დრო კიდევ უფრო გახანგრძლივდეს, რაც ასევე საკმაოდ ნეგატიურია ამ სექტორისთვის“, - აღნიშნავს მარიამ ქოიავა.

ხოლო, რაც შეეხება სამომავლო პერსპექტივას, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, მარიამ ქოიავა აღნიშნავს, რომ სამედიცინო სექტორში მოსალოდნელია გამსხვილებისა და კონცენტრაციის ტენდენცია. უფრო კონკრეტულად, ქოიავა ამბობს, რომ სფეროში მოსალოდნელია ბიზნესკომბინაციების სიმრავლე, კომპანიების გაერთიანება და მეტი კონცენტრაცია, რაც უზრუნველყოფს მათი ეფექტურობის ზრდას. ეს შეიძლება მოიაზრებდეს პატარა კლინიკების გაერთიანებას, კლინიკების ერთ მენეჯმენტში მოქცევას, ასევე, ძირითად საქმიანობაზე კონცენტრირებას.