მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი „ბორჯომი-ლიკანის“ გასაყიდ ფასს ამცირებს

5ef9d0926d896
თელარა გელანტია
29.06.20 17:00
1485
საპარტნიორო ფონდი სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვას კიდევ ერთხელ შეეცდება. ამის შესახებ „forbes კვირასთან“ ინტერვიუში ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი დანელიამ განაცხადა.

მორიგი აუქციონი შესაძლოა, მიმდინარე კვირას გამოცხადდეს.

„იმედი მაქვს, სასტუმრო „ბორჯომი-ლიკანის“ გაყიდვის მიზნით აუქციონს შემდეგ კვირას გამოვაცხადებთ (ინტერვიუ 26 ივნისს ჩაიწერა), მცირე პროცედურული ნაწილი დაგვრჩა... და იმედი გვაქვს, დაინტერესება იქნება“, - ამბობს დანელია.

ჟურნალისტის კითხვაზე - აპირებს თუ არა ფონდი, სასტუმროს საწყისი ფასის - 38 მლნ დოლარის შემცირებას, დავით საგანელიძის მოადგილე ადასტურებს, რომ ფასი დაიწევს, მაგრამ - რამდენად, არ აკონკრეტებს.

„ფასი მცირედით შემცირდება, ბუნებრივია. როგორც პირველ აუქციონზე აღმოჩნდა, ფასი მაღალი იყო, თან ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე, საწყისი ფასის ცოტათი შემცირება უფრო რაციონალური იქნება“, - აღნიშნა მან.

იმ შემთხვევაში, თუ „ბორჯომი-ლიკანი“ ხელახალ აუქციონზეც არ გაიყიდა, შესაძლოა, საპარტნიორო ფონდმა მის კერძო მართვაში გადაცემაზეც იფიქროს.

„სასტუმროს მართვაში გადაცემაც ერთ-ერთი ვარიანტია, რადგან ფონდის მმართველობა იქ ეფექტური ვერ იქნება. სასტუმროს მართვა ჩვენი საქმე არაა, ამიტომ თუ ვერ გაიყიდა, შეიძლება ამაზეც ვიფიქროთ, მაგრამ იმედია, გაიყიდება“, - განაცხადა გიორგი დანელიამ.

შეგახსენებთ, საპარტნიორო ფონდმა სასტუმროს გასხვისების მიზნით აუქციონი 2019 წელს გამოაცხადა, რაც ვერ შედგა. ბორჯომი-ლიკანის საწყისი ღირებულება 38 მლნ დოლარი იყო. ცნობისთვის: თავდაპირველად ფონდი სასტუმროს 50%-იან წილს ფლობდა, თუმცა 2018 წელს საპარტნიორო ფონდმა „ბორჯომი ლიკანის“ სასტუმრო ყაზახური მხარისგან გამოისყიდა და აქციების 100%-ის მფლობელი გახდა.