მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდი და მსგავსი ორგანიზაციების როლი მსოფლიოში - ლუკა მიმინოშვილის ბლოგი

616956279659e
ლუკა მიმინოშვილი
16.10.21 21:20
2036
საქართველოში მრავალი ფონდია, მათგან უმრავლესი - საქველმოქმედო; არის „საქველმოქედო“ ფონდებიც, (არ გეგონოთ შეცდომით განვმეორდი, მეორე ბრჭყალებშია). ამ ფონდებს ორი მიზანი აქვთ - ერთი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობით გამოწვეულ პრობლემებთან ბრძოლაა, რომელიც საერთო კერძო რესურსებით ხორციელდება ხოლმე, ხოლო მეორე პოპულისტურ-პოლიტიკური საქმეებისთვის. ამის გარდა არსებობს სხვა სახის ფონდებიც, მაგალითად, საპენსიო ფონდი (საპენსიო სააგენტოს სახელით ცნობილი), რომელიც ჩვენში უკვე სიახლეს არ წარმოადგენს, თუმცა დღევანდელი მდგომარეობიდან და ქვეყნის საჭიროებებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, მათგან გამოსარჩევია. საინვესტიცო ფონდებიდან ერთ-ერთია სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საინვესტიციო ფონდების რაოდენობა ახლოსაც ვერ მივა საქველმოქმედო ფონდების რაოდენობასთან, რაც მომავლისთვის პოზიტიურად შეხედვის იმედსაც გვართმევს.

საპარტნიორო ფონდი 2011 წელს შეიქმნა და როგორც უკვე აღვნიშნე, ის სრულად სახელმწიფოს საკუთრებაშია, ფონდის საქმიანობა ორი ძირითადი მიმართულებით ხორციელდება, ესენია:

1. აქტივების მართვა
2. საინვესტიციო საქმიანობა

თავიდან ფონდის შექმნის გაცხადებული მიზანი ექსპორტიორ კომპანიათა და ზოგადად, კერძო სექტორის წახალისება უნდა ყოფილიყო, თუმცა ძირითადად მთავრობიდან წასული მაღალჩინოსნების დასაქმების ადგილად ითვლებოდა, გაკეთებული საქმე კი ნაკლებად ჩანდა.

მთავრობის ცვლილების ფონზე ამუშავდა ვებგვერდი, სახუმარო ამბავი არც ეს არის. წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან ანგარიშვალდებულება მნიშვნელოვანი ნაწილია სახელმწიფოსთან დაკავშირებული მოხელეებისა თუ სამსახურების შემთხვევაში, ეს კი ანგარიშვალდებულების ერთგვარი ფორმაა. აღნიშნულ გვერდზე შეგვიძლია გავეცნოთ სიახლეებს ფონდის საქმიანობის შესახებ, განხორციელებულ პროექტებსა და გეგმებს, ასევე განცხადებებს, რომლებსაც ფონდი არცთუ იშვიათად აქვეყნებს. სანამ კონკრეტულად აღნიშნული ფონდის მიმართ მოსახლეობის, მთავრობისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების დამოკიდებულებებზე ვისაუბრებთ, მანამდე რა არის მისი გაცხადებული მიზანი, როგორია საერთაშორისო პრაქტიკა და არსებობს თუ არა მსგავსი ორგანიზაციები სხვა ქვეყნებში.

ფონდის შექმნა სატრანსპორტო, ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში არსებული მსხვილი სახელმწიფო საწარმოების კონსოლიდაციის ბაზაზე მოხდა, მისი მთავარი დანიშნულება კი საქართველოში ინვესტიციების წახალისებაა, რაც კერძო საინვესტიციო პროექტებში საწყის ეტაპზე თანამონაწილების გზით ჩართულობას გულისხმობს. თანამონაწილეობა განსხვავებული ფინანსური საშუალებებით შეიძლება მოხდეს და ერთი რომელიმე ფორმა განსაზღრული არ არის (სესხის ან გარანტიის გაცემა, აქციონერობა და სხვა).

ფულადი რესურსების მართვის ნაწილში უნდა ითქვას, რომ ფონდის დაფინანსების წყარო მიღებული დივიდენდების გარდა,
შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ისგან მოზიდული ფულადი რესურსი (სესხი) იყო, აღნიშნული სესხით მოხდა სხვა სესხების რეფინანსირებაც. ვალდებულებასთან დაკავშირებით ფონდის მენეჯმენტისგან მოგვისმენია, რომ ეს კაბალური პირობებით აღებული სესხია და დიდ ტვირთად აწევს ფონდს; პირობებზე რომ არაფერი ვთქვათ, ფაქტია, უკვე მერამდენედ ხდება მისი პროლონგირება; დღეისთვის სესხია ძირის მოცულობა 32 მილიონია და მისი 2 წლით გადავადება სექტემბრის თვეში მოხდა. აღნიშნული სესხის თავდაპირველი მოცულობა 150 მლნ აშშ დოლარი იყო. დღემდე არსებულ პერიოდში კი იყო შემთხვევა, როცა ფონდი სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გადაწყვიტა ამოეღო საქართველოში დაფუძნებული „საპარტნიორო ფონდის“ გრძელვადიანი უცხოური და ადგილობრივი ვალუტების დეფოლტ რეიტინგები (IDRs- Issuer Default Rating) “BB” სტაბილური პროგნოზით ასევე ფონდის მოკლევადიანი ადგილობრივი ვალუტის IDR “B”.

სარეიტინგო სააგენტოს ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, რეიტინგების მინიჭების შეწყვეტის მიზეზი არასაკმარისი და არასწორი ინფორმაციის მიწოდება გახდა. იმ დროს კი ( 2020 წელი 5 მარტი) „საპატნიორო ფონდში“ აცხადებდნენ, რადგან ფონდი არის რეფორმირების რეჟიმში, მათ თავად მიმართეს Fitch-ს რომ შეწყვეტილიყო რეიტინგის მინიჭება.

პრობლემა მხოლოდ წარუმატებელი მოლაპარაკებები და სესხის კაბალური პირობები როდია, სინამდვილეში უდიდესი პრობლემა ფონდის თავისუფლების ხარისხია, რომელიც ნაცვლად მეტი თავისუფლებისა, სამინისტროსთან უფრო ახლოს ყოფნას ითხოვს დაფინანსების წყაროს დასაზღვევად.

ეს კი ჯამში მისი ეფექტიანობის პრობლემას აჩენს. როგორც ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ პოსტის დატოვების შემდეგ პარლამენტში თქვა, არსებობს ფონდის ეფექტიანობის კვლევა, რომლის მიხედვითაც, ფონდის საქმიანობა ცხადად არაეფექტიანად ფასდება ან ეფექტიანობის კვლევა არის კი საჭირო, როცა თვალნათლივ ჩანს, რომ ზარალი 2015-2019 წლებში 1.17 მლრდ ლარია.

ეფექტიანობის შესაფასებლად შეიძლება ინვესტიციების მოცულობასაც შევხედოთ, 2011 წლამდე, ფონდის შექმნამდე და მის შემდეგ, თუმცა რადგან აქ ბრალს მარტო საპარტნიორო ფონდს ვერ დავდებთ, რა არის მთავრობის და რა ფონდის დაკარგული შესაძლებლობა, ამ რიცხვებს აღარ გავშლი.

მომავალში კი საქართველოს განვითარების ფონდის ეფექტიანობის თვლა მოგვიწევს, რადგან საპარტნიორო ფონდი 2022 წლიდან სახელს იცვლის და ეს იმ ნანატრი რეფორმის შედეგია, რომელსაც ფონდი ფაქტიურად შექმნის პირველივე წლებიდან ელოდებოდა, სახელის ცვლილება რამდენად გახდება ნამდვილი ფერისცვალება, არავინ იცის, თუმცა ძალიან საეჭვოა, რადგან ეს სახელის ცვლისგან განსხვავებით მარტივი ამბავი არ არის.

ფონდის საქმიანობის დაწყებისას მის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიათა ჩამონათვალი შემდეგნაირი იყო:

1. სს “საქართველო რკინიგზა“
2. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“
3. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროისტემა“
4. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“
5. სს „თელასის“ 24.5%-იანი წილი.

დღევანდელი მდგომარეობით კი, რაოდენობა ორამდე შემცირდა და სს „საქართველოს რკინიგზითა“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციით“ შემოიფარგლება.

ინფორმაციისათვის უნდა ითქვას, რომ გასულ წელს "საქართველოს რკინიგზის ზარალმა" 165 მილიონი ლარი შეადგინა, რაც შეეხება ნავთობისა და გაზის კორპორაციას, მისი ფინანსური შედეგებიც გაუარესებულია - შედარებისათვის 2019 წელს აღნიშნული კომპანიის მოგება 120 მილიონი ლარი იყო, ხოლო 2020 წელს - 3 მილიონი ლარი.

საპარტნიორო ფონდს როგორც საინტერესო, ასევე "გაურკვეველი" პროექტებიც აქვს დაფინანსებული, საინტერესო პროექტებს შორის შესაძლებელია ვახსენოთ:
  1. „ATC“  – თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების  ქარხანა;
  2. „Panex“ – სენდვიჩ პანელების   საწარმო;
  3. გარდაბნის  თბოელექტროსადგური;

გაურკვეველთა შორის კი შესაძლებელია ანაკლიისა და  ნენსკრას პროექტების დასახელება, რომელიც გაურკვეველი ვადით მოლოდინის რეჟიმშია. ასევე  ქართული მთის ღორის სანაშენე  ფერმაქართული ჩაის  რეაბილიტაციის პროექტი; ასეთი კი უფრო მეტია, ვიდრე - საინტერესო და ღირებული. აღნიშნული ზუსტად ფონდის ფინანსურ მონაცემებში აისახება.

2020 წელს ფონდის შემოსავალი დივიდენდის განაწილებიდან 42.5 მლნ ლარი იყო. ასევე მისი ყველაზე დიდი შემოსავლის წყარო ნავთობისა და გაზის კორპორაცია „გამოირჩა“ 103 მლნ ლარიანი კურთაშორისი სხვაობის ზარალით.

კომპანიის ფინანსური მაჩვენებლებისთვის დიდი საფრთხეა კვაზი-ფისკალური აქტივობების მზარდი დონე. იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება განიხილება.

რა ხდება სხვაგან?

სხვა ქვეყნებშიც შინაარსის მიხედვით, არსებობენ ფონდები და ბანკები, რომლებიც ასევე სახელმწიფოს საკუთრებაშია. მათი მიზანი ინვესტირება ან ინვესტირების ხელშეწყობაა, თუმცა საპარტნიორო ფონდის ანალოგი არ იძებნება, რადგან როცა რაღაცას მართავ, ცხადია, მასზე პასუხისმგებლობაც მმართველს ენიჭება, სტრუქტურული დაულაგებლობა და რამდენიმე წლიანი რეფორმისათვის მოსამზადებელი პერიოდი კი საპარტნიორო ფონდს თითქოს პასუხისმგებლობისაგან დაცულ რეჟიმში ამყოფებს.

ბანკებს განვითარების ბანკები ჰქვია, ისინი სპეციალური დაფინანსების ინსტიტუტებია. ეს კონცეფცია უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტს ითვლის. ეს ბანკები ძირითადად შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად და განუვითარებელში ქვეყნებში, თუმცა განვითარების ბანკების როლი უფრო გამოხატულია განვითარებად ქვეყნებში, სადაც მთავრობების უმთავრესი მიზანი ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარებაა.

განვითარების ეროვნული ბანკი (National Development Bank) შეიძლება განისაზღვროს, როგორც ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც შექმნილია ქვეყნის მთავრობის მიერ და უზრუნველყოფს დაფინანსებას ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიზნებისათვის. განვითარების ბანკები არ ახდენენ დანაზოგების მობილიზებას სხვა ბანკების მსგავსად, არამედ ახდენენ ინვესტიციების განხორციელებას. ეს არის სპეციალიზებული ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ანხორციელებს საშუალო და გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეწყობას.

საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით ასეთი ორგანიზაციები ხელს უწყობენ ინდუსტრიულ ზრდას, რაც იწვევს ნაკლებ განვითარებული რეგიონების განვითარებას, დასაქმების მეტი შესაძლებლობების შექმნას. ასეთ შემთხვევაში კომპანიები ქმნიან მეტ საექსპორტო პროდუქტს, ხელი ეწყობა ტექნოლოგიების მოდერნიზაციისა და გაუმჯობესებას, რაოდენობრივად ბევრი პროექტის ფინანსირებისას ხდება თვითდასაქმების ხელშეწყობა, აღნიშნულის გათვალისწინებით ხდება ადამიანური რესურსის განვითარება, რეგიონალური დისბალანსის აღმოფხვრა.

ასეთი ტიპის ბანკები ხელს უწყობენ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, ასევე ახალ სფეროებში თანხის ინვესტირებას, რაც ბიზნესისათვის დიდი რისკის შემცველია. ჯამურად ეს ყოველივე იწვევს ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის გაუმჯობესებას.

როგორ ხდება ფინანსირების გადაწყვეტილების მიღება?

1. პროექტი გადის შეფასებისა და ძირითადი მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპს - ყველა ფინანსური ინსტიტუტი ემსახურება საქმიანობის კონკრეტულ სფეროს აქვს გარკვეული შეზღუდვები, რომლის მიღმაც არ შედიან დაფინანსების ნაწილში;
2. ტექნიკური შეფასება - ტექნიკური შეფასება მოიცავს შესწავლას:
ტექნიკური პროცესის მიზანშეწონილობა და ვარგისიანობა აღნიშნული ლოკაციის პირობებში, ოპერაციების მასშტაბი და მისი ვარგისიანობა დაგეგმილი პროექტისათვის, პროექტების ტექნიკური გამართულობა და ა.შ.
3. ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობა - ეკონომიკური შეფასება ითვალისწინებს ეროვნულ და სამრეწველო პროექტის პრიორიტეტების, პროდუქტის დასაქმების პოტენციალისა და საექსპორტო პოტენციალი შესწავლას;
4. კომერციული ასპექტების შეფასება - კომერციული ასპექტების შემოწმება, ნედლეულის შესყიდვისა და მზა პროდუქციის რეალიზაციის პროცესები;
5. ფინანსური მიზანშეწონილობა - მფლობელების დავალიანებისა და კაპიტალის სტრუქტურის ანალიზი;
ბანკებს წარსული მაჩვენებლები ეხმარებათ შეაფასონ პოტენციური ბენეფიციარის ფინანსური მდგომარეობა და სიცოცხლისუნარიანობა პროექტში ინვესტიციისთვის;
6. მენეჯერული კომპეტენცია;
7. სესხის სანქცია -თუ საკონსულტაციო კომიტეტი დააკმაყოფილებს მის წინადადებას;
8. სესხის გაცემა - სესხის გაცემა ხდება სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ;

არაფინანსური ჩართულობა

1. განსავითარებელი რეგიონების კვლევები - გამოკითხვებმა შეისწავლოს მომსახურებისა თუ პროდუქტის ხელმისაწვდომობა და პოტენციური მოთხოვნა;
2. ინფრასტრუქტურული საშუალებების პოტენციალი და ხელმისაწვდომობა;
3. ტექნიკური საკონსულტაციო ორგანიზაციების შექმნა;
4. სამეწარმეო განვითარების პროგრამების შექმნა;
5. საგანმანათლებლო მიმართულების განვითარება და გაზიარება. პროფესიონალი კადრების განვითარება.

ეს საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილებაა, თუმცა რა ხდება საქართველოსა და საპარტნიორო ფონდის შემთხვევაში გაცილებით სხვა რეალობაა. ფონდის შეფასება მოქალაქეთა მხრიდან მეტწილად ნეგატიურია, მიზეზი კი მაღალი ადმინისტრაციული ხარჯი და ნაკლებად ხედვადი პროექტებია.

IMF-თან შეთანხმებით ფონდისათვის საინვესტიციო მიმართულება მიმდინარე წელსაც შეზღუდული დარჩა, რადგან ასე იყო გასულ პერიოდშიც. მიზეზი სახელმწიფო ვალის მოცულობაა, ფონდის არსებული მდგომარეობა კი ვფიქრობ, არც მენეჯმენტის მოწონებას იწვევდა, რადგან ისინიც აქტიურად ითხოვდნენ ცვლილებებს. შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი საპარტნიორო ფონდთან დაკავშირებით სუბიექტური სურვილებით დაფინანსებულ პროექტებსა და არაეფექტიანობაზე საუბრობდა. დაველოდოთ ცვლილებებსა და შედეგებს.

<ავტორის მოსაზრებები, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს bm.ge-ის რედაქციის პოზიციას>