მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საპარტნიორო ფონდის" კუთვნილი საავადმყოფო "ტიკარაძის რეფორმას" იწონებს

5de6b5077197c
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.19 22:52
7530
დღეს საღამოს რესპუბლიკურმა საავადმყოფომ (ოფიციალური სახელი - "აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა") საკუთარ Facebook გვერდზე სპეციალური განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ კლინიკა საქართველოს მთავრობის მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მომხდარ ტარიფების გათანაბრებას მიესალმება. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ახალი ტარიფები "მოგების მაღალი მარჟის ნაცვლად, ბენეფიციართა კეთილდღეობაზე არის ორიენტირებული."

აღნიშნული განცხადება საავადმყოფომ გაავრცელა მას შემდგომ, რაც კერძო კლინიკების ნაწილმა ჯანდაცვის სამინისტროს ტარიფების გადახედვისკენ მოუწოდეს, რადგანაც მათი ინფორმაციით, ახალი ტარიფები ხშირ შემთხვევაში სამედიცინო მომსახურების თვითღირებულებასაც ვერ ფარავს. 

კერძო კლინიკებისგან განსხვავებით, რესპუბლიკური საავადმყოფო სახელმწიფოს კუთვნილი დაწესებულებაა, მისი უშუალო მფლობელია შპს "კლინიკების განვითარების კომპანია", რომელიც რამდენიმე სახელმწიფო საავადმყოფოს აერთიანებს, აღნიშნული კომპანიის 100%-იან წილს კი სახელმწიფოს კუთვნილი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდი "საპარტნიორო ფონდი" ფლობს. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს განცხადება:

"აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა #მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული ჯანდაცვის რეფორმების განხორციელების საკითხს, რომლის ფარგლებშიც მთავრობის #N520დადგენილებით დამტკიცებული ახალი სამედიცინო მომსახურის ტარიფები სრულად შეესაბამება კლინიკების მომსახურების ღირებულებას და კლინიკების მხრიდან მაღალი მოგების მარჟის მიღების ნაცვლად, ორიენტირებულია ბენეფიციარების ინტერესზე.

იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო კვლავ აქტიურად გაარძელებს ჯანდაცვის რეფორმის სწორ პოლიტიკას, უზრუნველყოფს მედიკამენტების, სახარჯი მასალების, იმპლანტების თვითღირებულების გამჭვირვალობას, გაამკაცრებს საქართველოში უსაფრთხო და ხარისხიანი პროდუქციის შემოტანაზე კონტროლსა და მონიტორინგს.

დარწმუნებულნი ვართ, თავის მხრივ, ეს იქნება გარანტი მოსახლეობისთვის #ხარისხიანიმომსახურების გაწევისა, რის შემდეგაც შესაძლებელი იქნება მოქალაქეებისათვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი, სამედიცინო მომსახურების მიწოდება და დაფუძნდება #ჯანსაღიკონკურენციის პრინციპი, რომელიც ორიენტირებული იქნება პაციენტის ჯანმრთელობაზე და არა კომერციულ მოგებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლინიკა მზად არის განაგრძოს თანამშრომლობა ჯანდაცვის სამინისტროსთან წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში.

აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მისი ამოქმედების პირველივე დღიდან აქტიურადაა ჩართული.

2014 წლიდან, ქვეყნის მასშტაბით, რამდენიმე ათეული ახალი კერძო კლინიკა გაიხსნა, რომლებიც უზრუნველყოფილნი არიან ფინანსურად მძლავრი დამფუძნებლებით, საუკეთესო ინფრასტრუქტურითა და ბოლო თაობის დიაგნოსტიკური სამედიცინო ტექნიკით, რომლებიც მომსახურების გაზრდილი ფასებით ჩაერთნენ ჯანდაცვის პროგრამაში.

სამწუხაროდ, ჩვენს კლინიკაში ათწლეულების მანძილზე არ მომხდარა ინვესტირება.

კლინიკაში არსებული სამედიცინო მომსახურების დაბალი ფასი ორიენტირებული იყო #პაციენტისინტერესზე - მიეღო მაღალი ხარისხის მომსახურება მაქსიმალურად დაბალ ფასად, რამაც გარკვეულწილად გაართულა კლინიკის კონკურენტუნარიანობა სამედიცინო მომსახურების ბაზარზე.

მიუხედავად ამისა, კლინიკამ სახელმწიფო შესყიდვების პირობებში შეძლო არათანაბარ გარემოში ოპერირება საწოლთა 90–95%–იანი დატვირთვითა და სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის შენარჩუნებით."- ნათქვამია განცხადებაში. 

რესპუბლიკური საავადმყოფოს აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში საავადმყოფომ შემოსავლის სახით 16,847,000 ლარი მიიღო, თუმცა აღნიშნული შემოსავალი ყველა ხარჯის დასაფარად საკმარისი არ აღმოჩნდა და კლინიკამ გასული წელი 833,000 ლარის ზარალით დაასრულა. 1 მილიონ ლარს შეადგენდა "რესპუბლიკური საავადმყოფოს" ზარალი 2017 წელსაც. 

რაც შეეხება "კლინიკების განვითარების კომპანიას" მისი კონსოლიდირებული შემოსავალი 2018 წელს 27,435,000 ლარი, სრული ზარალი კი 3,194,000 ლარი იყო. 

2019 წლის 5 ოქტომბერს "საპარტნიორო ფონდის" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, არსებობს ამერიკული წარმოშობის ინვესტორი (სახელი განცხადებაში არაა მითითებული), რომელიც მზად არის სახელმწოფოს საკუთრებაში კლინიკები შეისყიდოს და მათში 50 მილიონის ინვესტირება განახორციელოს. 

"2015 წელს საქართველოს მთავრობამ „საპარტნიორო ფონდს“ სამი სახელმწიფო კლინიკა: „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა“ (ყოფილი ე.წ. „რესპუბლიკური საავადმყოფო“); „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“ (ე.წ. „ონკოლოგიის ეროვნული ცენტრი“) გადმოსცა. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ აქტიურად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიან პროექტზე მუშაობა, რომლის ფარგლებშიც, სამივე კლინიკაში გრძელვადიანი და მსხვილი მოცულობის ინვესტიციების განხორციელება იგეგმებოდა.

სხვადასხვა გარემოების გამო, აღნიშნული პროექტი შეჩერდა და სს „საპარტნიორო ფონდის“ მფლობელობაში დარჩა სრულიად ამორტიზებული და უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კლინიკები. აღნიშნული კლინიკების შემდგომი განვითარების მიზნით, „საპარტნიორო ფონდის“ მიერ 2017 წელს „კლინიკების განვითარების კომპანია“ შეიქმნა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „კლინიკების განვითარების კომპანიის“ ფუნქციებში არ შედიოდა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებებში ფონდის ფინანსური რესურსით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება, თუმცა მიუხედავად ამისა, ფონდი იძულებული გახდა ელემენტარული პირობების გაუმჯობესებისა და არსებული მედპერსონალის შენარჩუნების მიზნით, თანხა გამოეყო. სავალალო მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაუდებელი სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში, რამაც გააუმჯობესა საავადმყოფოს ფუნქციონირება. ასევე, გატარდა ცალკეული ადმინისტრაციული ღონისძიებები რესპუბლიკურ საავადმყოფოში, რის შედეგადაც მოხდა კლინიკის შიდა რეზერვების მობილიზება, რამაც გაზარდა შემოსავლები და გარკვეულწილად გაუმჯობესდა ფინანსური მდგომარეობა. მიუხედავად ამისა, საერთო ვითარება მაინც რთულია.

„საპარტნიორო ფონდი“ კლინიკების მართვის კომპანიის შექმნის დღიდან ინვესტორის მოძიებაზე ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობდა. ფონდის ძალისხმევის შედეგად, ინტერესი ამერიკულმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მზად არის, კლინიკების განვითარების მიზნით, 50 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. აღნიშნული კომპანია სამედიცინო მომსახურებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ მილიონზე მეტ პაციენტს უწევს. წელიწადნახევრიანი შრომის შედეგად, საინვესტიციო პროექტი სახელმწიფოს ინტერესების დაცვის გათვალისწინებით, მზად არის და სამეთვალყურეო საბჭოზეა წარდგენილი.

პროექტის მიხედვით, ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო ულტრათანამედროვე, მოდერნიზებული, ევროპული სტანდარტების 350 საწოლზე გათვლილ სამედიცინო დაწესებულებად უნდა გადაიქცეს და მასში ინტეგრირდეს ფონდის მფლობელობაში არსებული „თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო“ და „უნივერსალური სამედიცინო ცენტრი“, გამოთავისუფლებულ შენობებში კი თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრები მოეწყობა. პროექტის თანახმად, აღნიშნულ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს სამუშაო ადგილი შეუნარჩუნდება, მედპერსონალი ახალ სამუშაო სივრცეში გადავა და ღირსეულ ანაზღაურებას მიიღებს.

პროექტის მიხედვით, ექიმების პროფესიულ განვითარებას ამერიკული კომპანია თავის თავზე იღებს, ინვესტორს აუქციონში გამარჯვების შემთხვევაში, კლინიკა გრძელვადიანი იჯარით გადაეცემა და ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ქონება კვლავ სახელმწიფოს დარჩება,"- ნათქვამია განცხადებაში.