მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესი დიდი ტემპით დაიძრა - საგანელიძე

62a9a54ea64ee
გიორგი არონია
14.06.22 20:52
1697
„დიდი ხანია საპარტნიორო ფონდის რეფორმირების პროცესი ჭიანურდება, მაგრამ ბოლო ხანებში ეს საკითხი საკმაოდ დიდი ტემპით დაიძრა“, - ასე უპასუხა საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა bm.ge-ს შესაბამის კითხვას.

აღსანიშნია, რომ ჯერჯერობით, ღია რჩება საკითხი თუ რა იქნება საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყარო.

დავით საგანელიძემ BMG-სთან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფონდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების იდეას არ იწონებს.

„ჩემი პოზიციაა, რომ ამ სიტუაციაში ფონდი არ უნდა დაააწვეს სახელმწიფო ბიუჯეტს. სახელმწიფოს ბევრი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი და ფონდმა თავისით უნდა მოძებნოს დაფინანსების წყაროები. მესმის, რომ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ასეთი ტიპის ფონდების დაფინანსება ბიუჯეტის ვალდებულებაა, მაგრამ ვფიქრობ, დაფინანსების მოძიება გარედანაც შეგვიძლია“, - აღნიშნა მან.

ამასთან, დავით საგანელიძის პროგნოზით, მიმდინარე წლის ზაფხულში საპარტნიორო ფონდის შემადგენლობიდან დარჩენილი სახელმწიფო საწარმოებიც გავლენ.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა ენერგეტიკული სახელმწიფო საწარმოები ფონდის შემადგენლობიდან უკვე გავიდა, მათ შორისაა ესკო, სახელმწიფო ელექტროსისტემა, ასევე „თელასის“ 25%, რომელიც ბიზნესმენმა ხვიჩა მაქაცარიამ იყიდა და ა.შ.
ამ დროისთვის კი, საპარტნიორო ფონდის შემადგენლობაში რჩება ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს რკინიგზა.

„დღეს ფორმალურად ვფლობთ ორ საწარმოს ანუ მათ მენეჯმენტში არ ვერევით და ასეთი კვაზი ფორმა ძალიან ცუდად აისახება ფონდის სუფთა საინვესტიციო საქმიანობაზე. სახელმწიფო საწარმოების დიდი ნაწილი ფონდის შემადგენლობიდან გასულია და დარჩა ნავთობისა და გაზის კორპორაცია და საქართველოს რკინიგზა - არაა მარტივი პროცესი, რომ ერთი საწარმო აიღო და გადაიტანო სხვაგან... ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, რომ ეს ყველაფერი გასწორდეს და გასუფთავდეს.
ვფიქრობ, ეს ზაფხული საკმარისი იქნება იმისთვის, რომ საპარტნიორო ფონდიდან ყველა სახელმწიფო საწარმო გავიდეს და ჩვენ დაგვრჩეს სუფთა საინვესტიციო მიმართულებები - ის პროექტები, რომლებიც გვქონდა და ასევე, უკვე მოგვეცეს საშუალება, რომ ახალი პროექტებიც დავაფინანსოთ.

მოგეხსენებათ, დაახლოებით, ორი წელია ახალ პროექტებში არ შევდივართ. იმედი მაქვს, შემოდგომიდან ბევრ პროექტს განვახორციელებთ“, - აცხადებს დავით საგანელიძე.