მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია დაიხურა

5ee0d88bcab8a
შოთა ტყეშელაშვილი
10.06.20 16:55
1382
სახელმწიფოს კუთვნილმა საინვესტიციო ფონდმა “საპარტნიორო ფონდმა” მის მიერ დაფუძნებული “საქართველოს დარგობრივი და რეგიონული განვითარების კომპანიის” (GIRDC) დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

ფონდში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობის რეფორმირებას უკავშირდება. საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის არსებული შეთანხმების თანახმად, მთავრობა “საპარტნიორო ფონდის” ახალ საინვესტიციო აქტივობას შეზღუდავდა. სწორედ ამიტომ GIRDC-ის დახურვის გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან ეს კომპანია სწორედ ახალი საინვესტიციო პროექტების მომზადებაზე მუშაობდა.

“GIRDC-ის ძირითადი საქმიანობა იყო საინვესტიციო პოტენციალის შესწავლა მიმართულებების და რეგიონების მიხედვით და მზა პროექტების მომზადება. ამაზე მუშაობდა კვალიფიციური ჯგუფი და შეიქმნა არაერთი ასეთი ბიზნეს პროექტი. გამომდინარე იქიდან, რომ სავალუტო ფონდის პროგრამის ფარგლებში ფონდის ახალი საინვესტიციო საქმიანობა არის შეზღუდული, ფონდმა მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ რაღაც სახის ოპტიმიზაცია გაეკეთებინა. კადრები, რომლებიც იქ არიან დასაქმებული, საპარტნიორო ფონდის დეპარტამენტებში გადანაწილდებიან,” - განმარტავენ საპარტნიორო ფონდში.

კითხვაზე - შეეხება თუ არა ოპტიმიზაცია “საპარტნიორო ფონდის” სხვა შვილობილ კომპანიებს, ფონდში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ GIRDC-ის დახურვის გადაწყვეტილებაა მიღებული. თავად GIRDC 2017 წელს დაფუძნდა, კომპანიის დირექტორი მირიან გოგიაშვილია.

საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანიების ჩამონათვალი ასეთია:

  • შპს „ქართული ბუნებრივი პროდუქტები“, ქვეყანა ბელარუსი, წილი 100% (ღვინის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი);
  • შპს „KMG Service Georgia“ და მისი შვილობილი კომპანია სს „ბორჯომი ლიკანი ინტერნეიშენალი“, წილი 100% (სასტუმროს მშენებლობა და ოპერირება);
  • შპს „Caucasian SUS Heritage“, წილი 49.90% (ღორის ფერმა);
  • შპს „East West Bridge“, წილი 100%, (საინვესტიციო ფონდის ფლობა);
  • შპს "ინფრასტრუქტურული განვითარების პარტნიორობის კომპანია", წილი 100% (მიზანი - ინვესტიციების განხორციელება ანაკლიის პორტის პროექტში);
  • შპს „Global Brand“, წილი 100%, (ღვინის ექსპორტი აშშ-ში);
  • შპს "ლიკანი რეზიდენსი" , წილი 100%, (ლიკანში რომანოვების სასახლის რესტავრაცია).