მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდმა Credit Suisse-სთან სესხის პირობები დაარღვია

5f99456b58be4
შოთა ტყეშელაშვილი
28.10.20 14:40
1325
საქართველოს “საპარტნიორო ფონდმა” შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან სესხის პირობები დაარღვია - ამის შესახებ ფონდის აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, ამ სესხის ნარჩენი ღირებულება 2019 წლის ბოლოსთვის 127 მილიონ ლარს ($43.5 მლნ დოლარს) შეადგენდა.

აუდიტორული ანგარიშიდან ირკვევა, რომ სასესხო ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემდეგ მხარეებს შორის მოლაპარაკებები შედგა, რის შედეგადაც 2021 წლის სექტემბრამდე გადავადდა სესხის ძირი თანხის დაფარვის ვადა, ამასთან ბანკმა "საპარტნიორო ფონდს" საპროცენტო განაკვეთი Libor+5.95%-დან Libor+6.5%-მდე გაუზარდა. 

“საპარტნიორო ფონდმა” Credit Suisse-ისგან $150 მილიონი დოლარის საგარეო ვალი 2015 წელს, სხვა სესხების რეფინანსირებისთვის აიღო. 

აუდიტორულ ანგარიშში Credit Suisse-ის სესხის შესახებ წერია:

საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, საპარტნიორო ფონდს სესხის მომსახურების კოეფიციენტი(ფინანსური კოვენანტი) უნდა შეენარჩუნებინა 1.2-ზე მაღალ მაჩვენებელზე, ხოლო მთლიანი წმინდა ვალის დივიდენდებთან თანაფარდობის „ლევერეჯ“ კოეფიციენტი - 3.5-ზე ნაკლებზე.

2019 წლისა და 2018 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სესხის მომსახურების კოეფიციენტთან დაკავშირებული ფინანსური კოვენანტი „Credit Suisse“-ის ზემოთ მითითებულ სესხზე დარღვეული იყო. შედეგად, კრედიტორს შეეძლო მოეთხოვა სესხის დაფარვა. პარალელურად საპარტნიორო ფონდმა სესხი დააკლასიფიცირა მოკლევადიან სესხად. თუმცა, ფინანსური ანგარიშგების დამტკიცების თარიღისთვის, „Credit Suisse“-ს არ ჰქონდა მოთხოვნილი ზემოთხსენებული თანხის დაფარვა. 

2020 წლის სექტემბერში ჯგუფმა გამოიყენა თავისი სახელშეკრულებო უფლება და გაახანგრძლივა „Credit Suisse“-სგან მიღებული სესხის ძირითადი თანხის დაფარვის ვადა 2021 წლის სექტემბრამდე. ძირითადი თანხის დაფარვის ვადა თავდაპირველად 2020 წლის სექტემბერში იყო. სესხის პროცენტი გაიზარდა წელიწადში Libor+6.5%-მდე. საპარტნიორო ფონდის მიერ „Credit Suisse“-სთვის გადახდილმა საკომისიო თანხამ სესხის ვადის გახანგრძლივების თარიღში 1,491 ათასი აშშ დოლარი შეადგინა,”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის აუდიტორულ ანგარიშში.

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, KPMG-ის მიერ დასახელებული $1.5-მილიონიანი საკომისიო საკუთარ თავში არამხოლოდ საკომისიოს, არამედ სესხის პროცენტსაც მოიცავს.

როგორც ირკვევა, ეს ერთადერთი სესხი არაა, რომლის პირობებიც დაირღვა. 2018 წელს მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების ოპერატორმა “ენერგოტრანსმა”, რომელიც ფონდს ეკუთვნის, EBRD-თან და KFW-სთან არსებული სესხების პირობები დაარღვია. 

"2018 წლის 31 დეკემბრისთვის, შპს „ენერგოტრანსმა“ დაარღვია EBRD-სთვის და KfW-სთვის დადებული „შვილობილი კომპანიის სასესხო ხელშეკრულებებში“ დადგენილი ფინანსური კოვენანტი (სესხის მომსახურების კოეფიციენტი),”- ნათქვამია საპარტნიორო ფონდის ფინანსურ ანგარიშში.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2018 წელს არსებული 585-მილიონიანი ზარალის შემდგომ, სს “საპარტნიორო ფონდმა” 2019 წელი 71 მილიონი ლარის მოგებით დაასრულა. ამის მიზეზი კი ფონდის ძირითად შვილობილ კომპანიებში ფინანსური შედეგების შედარებითი გაუმჯობესება გახდა. მათ შორის, მთავარი ფაქტორი რკინიგზის ზარალის შემცირება იყო. 2018 წელს საქართველოს რკინიგზამ აქტივების გაუფასურების გამო 716 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა, 2019 წელს კი მისი ზარალი მხოლოდ 6 მილიონი ლარი იყო.