მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის პროექტში 7 მლნ ჩადო და კომერციული რისკიც თავად აიღო

5e5cec715f93b
შოთა ტყეშელაშვილი
02.03.20 15:17
10581
სახლმწიფოს კუთვნილმა საპარტნიორო ფონდმა 7 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანია “გლობალ ბრენდში.” აღნიშნული ინვესტიცია საინტერესოა იმ თვალსაზრისით, რომ თუ სხვა ბიზნეს პროექტებში საპარტნიორო ფონდი პროექტის წილობრივი თანაპარტნიორია, “გლობალ ბრენდის” შემთხვევაში, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი “საპარტნიორო ფონდია”. “თავისუფლების მონიტორის” მონაცემებით, პროექტის იდეის ავტორი ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძეა, რომელიც “გლობალ ბრენდში” კონსულტანტის სახით არის გაფორმებული.

“გლობალ ბრენდის” დირექტორი ტარიელ ჩიჩუა “თავისუფლების მონიტორთან” ამბობს, რომ არსებული კონტრაქტით, ლევან გაჩეჩილაძეს პროექტის გამოსყიდვის უფლება აქვს, თუ რა თანხად გამოისყიდის ლევან გაჩეჩილაძე ფონდისგან კომპანიას ეს კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს.

თავად ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ მართალია, სახელმწიფო მის პროექტში კომერციულ რისკს იღებს, მაგრამ წარმატების შემთხვევაში ეს პროექტი ქვეყანას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

"სახელმწიფომ აიღო რისკი, კი ბატონო, მაგრამ ეს რისკი არის ასაღები თუ გინდა, რომ შენმა მოსახლეობამ კარგად იცხოვროს, ესეთი რისკები არის ასაღები და ეს არის სწორი რისკი",- ამბობს ლევან გაჩეჩილაძე.

თავად კომპანია “გლობალ ბრენდი” 2017 წლის 6 მარტს შეიქმნა. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, მისი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან მეხუზლაა.

ამ დროისთვის, ლევან გაჩეჩილაძე აშშ-ის ბაზარზე შესვლისთვის საჭირო სარეკლამო კამპანიის დასაფინანსებლად კიდევ 2 მილიონი დოლარის დაფინანსებას ითხოვს. კომპანიას ღვინის მასობრივი წარმოება ამ დრომდე არ დაუწყია. პროექტის მიხედვით, კომპანიამ “დაკარგული ედემის” ბრენდის ღვინო უნდა აწარმოოს.

“გლობალ ბრენდი” “საპარტნიორო ფონდის” 2018 წლის აუდიტორულ ანგარიშშიც არის მოხსენიებული. დოკუმენტის მიხედვით, ფონდის შვილობილი კომპანიის დაფუძნების მიზანს ქართული ღვინის აშშ-ში გატანა წარმოადგენს. ღვინის რეკლამა შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე

საპარტნიორო ფონდის დირექტორი დავით საგანელიძეა. ის წარსულში ლევან გაჩეჩილაძის თანაპარტიელი იყო.