მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საპარტნიორო ფონდს” 32 მლნ ევროს ვალის დაფარვის სახსრები აღარ აქვს - დოკუმენტი

615835c219324
შოთა ტყეშელაშვილი
02.10.21 15:00
744
“საპარტნიორო ფონდს” შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის მიმართ 32 მილიონი ევროს სესხის დასაფარი სახსრები აღარ გააჩნია - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტიდან ირკვევა. უწყების თანახმად, სახელმწიფო კომპანიამ სახსრების არარსებობის გამო, 2021 წლის სექტემბერში ამ ვალს რეფინანსირება გაუკეთა და მისი გადახდის ვადა 2 წლით გადაწია.

2019 წლის მაისში აღნიშნული სესხის პირობებს ფონდის თავმჯდომარე დავით საგანელიძემ "კაბალური" უწოდა. ფონდმა 150 მილიონი დოლარის სესხი შვეიცარული ბანკიდან 2015 წელს აიღო. 

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონდში არსებული ფინანსური ვითარება განსაკუთრებულად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 2020 წელს, მისი დაფინანსების ძირითად წყაროში - “ნავთობისა და გაზის კორპორაციაში” წმინდა მოგება შემცირდა, რის გამოც, “საპარტნიორო ფონდის” მიერ დივიდენდის სახით მისაღებმა შემოსავალმა იკლო.

ფინანსთა სამინისტროს თანახმად:

“2021 წლის სექტემბერში მიღებულ იქნა გადაწყვეტილება Credit Suisse-ს მიმართ დარჩენილი სესხის რეფინანსირების შესახებ, რადგან "საპარტნიორო ფონდს" არ გააჩნდა საკმარისი სახსრები სესხის დასაფარად. ფონდმა მთავრობის გარანტიის გარეშე შეძლო მოეზიდა 32 მილიონი ევრო 2 წლის ვადით, თუმცა ნებისმიერი სახელმწიფო საწარმოსთვის არსებობს ირიბი გარანტია, რომ სახელმწიფო არ დაუშვებს საწარმოს დეფოლტს. იმის გათვალისწინებით, რომ ფონდის დაფინანსება დივიდენდებიდან შემცირდა 2021 წლიდან, კომპანიიდან მომდინარე ფისკალური რისკი გაზრდილია.

2020 წელს ფონდის შემოსავალი დივიდენდის განაწილებიდან იყო 42.5 მლნ ლარი. ფონდის შემოსავლები დივიდენდიდან 2021 წლისთვის უნდა იყოს მინიმალური, ვინაიდან ნავთობისა და გაზის კორპორაციის წმინდა მოგებამ 2020 წლისთვის შეადგინა დაახლოებით 3 მლნ ლარი, რომელიც წარმოადგენს ფონდის დაფინანსების ძირითად წყაროს;

კომპანიამ როგორც 2019, ასევე 2020 წელი დაასრულა მოგებით. თუმცა, 2020 წლის მოგება შემცირდა 95%-ით და შეადგინა 2 მლნ ლარი,” - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოს უმსხვილესი საინვესტიციო ფონდია, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” და “ნავთობისა და გაზის კორპორაციის” 100%-იან წილს ფლობს. თავად “საქართველოს რკინიგზა” რეგულარულად განიცდის ზარალს, შესაბამისად, ფონდისთვის დაფინანსების მთავარი წყარო “ნავთობისა და გაზის კორპორაცია” იყო, რომელიც გასული წლების განმავლობაში მოგებიანობის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩეოდა, თუმცა 2020 წლის განმავლობაში კორპორაციის მოგება წინა წელს არსებული 120 მილიონი ლარიდან, მხოლოდ 3 მილიონ ლარამდე შემცირდა, შესაბამისად, მას “მშობელი კომპანიისთვის” დივიდენდის სახით გადასაცემი თანხა თითქმის აღარ გააჩნია.